ორსულობის თვითნებური შეწყვეტა- მიზეზები, შედეგები და საფრთხეები


 mizoprostol-analogi-instrukciya-otzivi_4

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ FACEBOOK ჯგუფში, სადაც ძირითადად დედები იკრიბებიან და ერთმანეთს გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებენ ორსულობას, მშობიარობას, ბავშვის მოვლასა და ზოგადად, დედობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, წავაწყდი პოსტს, რომელშიც კითხვა იყო დასმული საიტოტეკის მოხმარებისა და შემდგომი შედეგების შესახებ. თავიდან, საიტოტეკი ბავშვის მუცლის ან ყურის ტკივილის, გაციების ან სიცხის დამწევი მედიკამენტი მეგონა (რადგან ჯგუფში შეკრებილი ქალები ძირითადად მათი შვილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ), რადგან მე ჯერჯერობით არც შვილები მყავს და არც თავის ტკივილებს ვუჩივი, თავიდან პოსტისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. თუმცა, შემთხვევით რამდენიმე კომენტარს მოვკარი თვალი და მივხვდი რომ „რაღაც ისე ვერ იყო“.
პოსტის კომენტარებში ჯგუფის წევრთა ნაწილი წერდა, რომ აღნიშნული პრეპარატი გამოუყენებია, ნაწილმა კი დაწერა, რომ თვითონ ან მისი ნაცნობი საიტოტეკს მუდმივად იყენებს. მსგავს კომენტარებს, ჯგუფის დანარჩენი წევრების მხირდან კრიტიკა (ლანძღვაც!) მოჰყვა. საბოლოოდ, პოსტს ათობით ქალი გამოეხმაურა, რომლებიც ან საკუთარ, ან მათი ნაცნობ-მეგობრების გამოცდილებებს ყვებოდნენ საიტოტეკის გამოყენებასთან დაკავშირებით. არცთუ ცოტა ქალი წერდა, რომ საიტოტეკის მუდმივი მომხმარებალია, ზოგი ამით კმაყოფილებას გამოხატავდა, ზოგი კი აღნიშნავდა რომ ამის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობელემბი შეექმნა.
დამაინტერესა, რა არის საიტოტეკი – პრეპარატი, რომლის „დანიშნულება“ პოსტის ქვეშ შეკრებილი ქალებიდან ყველამ იცის, ყველა ერთმანეთს ამუნათებს მისი მოხმარების გამო, მაგრამ, ერთხელ მაინც უმეტეს მათგანს აქვს გამოყენებული და ბევრი სტაბილურადაც მოიხმარს.
მცირე კველვა ჩავატარე – „დედების“ სხვა ჯგუფებში; ნაცნობ დედებთან; აფთიაქებში Google-ში. გავიარე კონსულტაცია „ჰერა XXI“-ის რეპროდუქტოლოგთან.
აღმოჩნდა, რომ საიტოტეკი არის პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ, კუჭის წყლულის მკურნალობის და მისი პრევენციის მიზნით გამოიყენება. მისი ოფიციალური სახელწოდებაა მიზოპროსტოლი და მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებოით ისე მოქმედებს ორგანიზე, როგორც ჰორმონები. მას, სხვა ფუნქციებთან ერთად, აქვს გლუვი კუნთების შეკუმშვის უნარი. და რადგან, საშვილოსნო ერთ-ერთი გლუვკუნთოვანი ორგანოა, ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელი იკუმშება და დუნდება. სწორედ ამიტომ, საიტოტეკს იყენებენ მედიკამენტოზური აბორტის დროს მიფეპროსტონის (ძირითადი ნივთიერება, რომლითაც კეთდება მედიკამენტოზური აბორტი) ეფექტის გასაძლიერებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი და მით უმეტეს მიფეპროსტონის მიღება ექიმთან კონსულტაციის და მისი დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
პრობლემა:
ქალები, რომლებსაც სურთ აბორტის გაკეთება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართონ პროფესიონალ გინეკოლოგს, გაიარონ პრეაბორტული კონსულტაცია და კვალიფიციური მედიკოსის მიერ (ინვაზიური აბორტის შემთხვევაში) ან მისი მეთვალყურეობით (მედიკამენტოზური აბორტის შემთხვევაში) შეწყვიტონ ორსულობა,  „ზედმეტიდროის, ენერგიისა და ფულის დახარჯვის გარეშე, მარტივად, აფთიაქში ყიდულობენ აღნიშნული პრეპარატს და მისი საშუალებით ცდილობენ შეიწყვიტონ ორსულობა.
რატომ არის სახიფათო ეს ტენდენცია?
როგორც უკვე აღვნიშნე, საიტოტეკის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. ტიპური გვერდითი ეფექტები, რაც მის თვითნებურად მიღებას ახლავს თან, არის: დიარეა, თავბრუსხვევა, ღებინება, თავისა და მუცლის ტკივილი, უარეს შემთხვევებში კისაშვილოსნოს დიდი ზომის მიომა, ბრონქიალური ასთმა და .. „ჰერა XXI“-ის რეპროდუქტოლოგის განმარტებით, მისი მიღება განსაკუთრებთ არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის გოგონებისთვის და იმ ქალებისთვის, ვინც ძუძუთი კვებავს ბავშვს. გარდა ამისა, ორსულობის დროს მისი მიღება უმეტეს შემთხვევაში იწვევს ძლიერ სისხლდენას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა სერიოზულ პრობლემებს. საიტოტეკი სიფრთხილით უნდა გამოვიყნოთ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტონია, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა, გულის იშემიური დაავადებები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საიტოტეკის მიღებიდან ერთი კვირის მანძილზე არ შეიძლება აცეტილსალიცილის მჟავის („ასპირინის“) მიღება.
მედიკამენტოზური აბორტის დროს ექიმის მიერ საიტოტეკის დანიშნვა ხდება კონკრეტული ქალის ორგანიზმის ინდივიდუალურად შესწავლის შემდეგ და ის მხოლოდ დამატებითი საშუალებაა, პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად. ანუ, მხოლოდ საიტოტეკის საშუალებით ორსულობის შეწყვეტა არ შეიძლება და ეს ქმედება მედიცინის თვალსაზრისით გაუმართლებელია.
რადგან მხოლოდ საიტოტეკი არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას, ქალები რომლებიც ამ საშუალებას მიმართავენ აბორტისათვის, აღნიშნულ პრეპარატს სვამენ იმაზე უფრო ხშირად და იმაზე უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ეს მის ინსტრუქციაშია მითითებული (.. ინსტრუქციაში არაფერია წერია იმაზე, რომ მისი გამოყენება ორსულობის შეწყვეტისთვისაცაა შესაძლებელი). ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს, რაც უკვე ჩამოვთვალე. ასევე, შესაძლოა ორსულობის შეწყვეტისთვის ქირურგიული ჩარევა გახდეს აუცილებელი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ინფორმაციის მოძიების პროცესში რამდენიმე ცოცხალი ისტორია მოვისმინე/წავიკითხე იმაზე, თუ როგორ იღებენ ამ პრეპარატს ქალები მაშინაც კი, როცა არ არიან დარწმუნებული ორსულობაშიმენსტრუალური ციკლის გადაცდომისთანავე, პირდაპირ იწყებენ საიტოტეკის მიღებას.  აქედან შეიძლება დავასკვნათქალებმა იციან, რომ მედიკამენტოზური აბორტი მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო მალე გაკეთდება (მედიკამემნტოზური აბორტით ორსულობის შეწყვეტა რეკომენდებულია ორსულობის 9 კვირამდე), თუმცა, არ იცინ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდნენ, როცა მხოლოდ საიტოტეკის საშუალებით ცდილობენ ორსულობის შეწყვეტას.
მნიშნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებაც, რომელიც, მსგავს შემთხვევებში თავიდან აგვარიდებს შესაძლო არასასურველ ორსულობას.
რატომ მიმართავენ ქალები თვითნებურ აბორტებს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად?
საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ განმარტავს, რომორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერმოთხოვნით ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, ექიმის მიერ წინასწარი კონსულტაციისა და ამ კონსულტაციიდან გასული 5 დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა არაკანონიერია.
ნიშნავს თუ არა აბორტის ლეგალურობა იმას, რომ იგი ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომია? როგორც ჩანს არა.
არსებობს უამრავი ბარიერი რის გამოც ქალები ვერ ახერხებენ კვალიფიციური ექიმის დახმარებით, ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღონ აბორტის სერვისი. ამის გამო, მათ უწევთ მიმართონ .. იატაკქვეშა საშუალებებს და გაიკეთონ თვითნებური ან არალეგალური აბორტი.
რა ბარიერებზეა საუბარი?
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ორსულობის შეწყვეტას (აბორტი) კანონმდებლობა ისევე არეგულირებს, როგორც განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ .. მოსაფიქრებელი დრო, ექიმთან კონსულტაციიდან უშუალო აბორტის პროცედურამდე, 2014 წელს, ფაქტობრივად სრულიად დაუსაბუთებად, გაიზარდა 3-დან 5 დღემდე. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოსაფიქრებელი დრო საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, იგი შემთხვევების აბსოლუტურ უმეტესობაში არ ცვლის ქალის გადაწყვეტილებას. პირიქით, დამატებითი ფსიქოლოგიური, გეოგრაფიული თუ ეკონომიკური სირთულეების და ბარიერების მიზეზი ხდება.
თუმცა, აღნიშნულს რომ თავი დავანებოთ, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულებაც არ ხდება ქვეყანაში.
აბორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულმა რა ბარიერებმა შეიძლება გადააწყვეტინოს ქალს თვითნებური (საიტოტეკის მაგალითი), ან არალეგალური აბორტის გაკეთება?
) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშრებულ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა
ჩვენს საზოჯადოებაში ფაქტობრივად არ არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს კვალიფიციური, ზუსტი და მისთვის საჭირო ამუმწურავი ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგ. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ან, თუნდაც, აბორტის უსაფრთხო მეთოდები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კრძალავს აბორტის რეკლამირებას. მაგრამ, ჩნდება კითხვებისად გადის ზღვარი აბორტის რეკლამირებასა და მის შესახებ ჯანსაღი ინფორმაციის გავრცელებას შორის?! უნდა იცოდნენ თუ არა ქალებმა უსაფრთხო აბორტის რა საშუალებები არსებობს და რომელი მეთოდის გამოყენება შეუძლიათ თავად? უნდა ჰქონდეთ თუ არა საშუალება თავად აირჩიოთ აბორტის მეთოდი თუ ამის საჭიროება არსებობს? ინფორმაციული ვაკუუმი ხომ არ არის მიზეზი საიტოტეკის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევებისა და იმ შედეგებისა, რასაც ვიღებთუნდა გვქონდეს თუ არა ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციის ჩვენთვის სასურველ და მოსახერხებელ მეთოდებზე?
) სტიგმა
უმნიშნელოვანესი ფატორია აბორტთან დაკავშირებული სტიგმა, რომელიც დამატებით ფსიქოლოგიური ზეწოლაა იმ ქალებისთვის, რომლებსაც უწევთ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება. „ქალი რომელიც აბორტს გაიკეთებს კარგი დედა ვერ იქნება ან ამის ღირსი სულაც არ არის“ – ეს და სხვა მსგავსი მორალური/ეთიკური დამოკიდებულებები, გაკიცხვის, შეურაცხყოფის, შერცხვენის, ლანძღვის ობიექტად გახდომის შიში არის ის მნიშვნელოვანი ბარიერი, რაც ქალებს აიძულებს რაც შეიძლება ჩუმად მოიძიონ რაიმე საშუალება და ჩავიდნენ იატაკქვეშ დილემისგან თავის დასაღწევად.
) სოციალური სტატუსი
გინეკოლოგთან ვიზიტთან, ორსულობასთან და ზოგადად, სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშრებით განსაკუთრებული სტიგმის ქვეშ არიან ის ქალები, რომლებსაც სოციალური სტატუსი არ აძლევს ამ თემებით დაინტერესებისუფლებას.“ მაგ. ახალგაზრდა გოგონები; დაუოჯახებელი, ქვრივი თუ განქორწინებული, მოკლეთ რომ ვთქვათ, „უქმროქალები და ..
) კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან
ექიმთან ვიზიტისას ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ინფორმაცია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ დარჩება კონფიდენციალურად. განსაკუთრებით გინეკოლოგთან/რეპროდუქტოლოგთან კომუნიკაცია უნდა იყოს ობიექტური, განსჯისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან თავისუფალი, ეფექტური და ყოვლისმომცველი.
კომუნიკაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებიც, რომლებიც, ხშირად, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ექიმთან კონსულტაციასა და საჭირო სერვისის მიღებას.
) გენდერული სტერეოტიპები და ეკონომიკური მდგომარეობა
რეპროდუქციის უნარი, რა თქმა უნდა, ქალის ექსკლუზიური უნარია და მას სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად აკონტროლოს და გამოიყენოს ეს უნარი. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი დაოჯახებულია, არასასურველი ორსულობის და შესაბამისად, აბორტის მთელი ტვირთი, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მას ეკისრება. ხშირად, კაცები საკუთარ პასუხისმგებლობასა და როლს არ აღიარებენ არასასურველი ორსულობის დადგომასა და ამ პრობლემის გადაჭრის საქმეში.
ამას ემატება ეკონომიკური ფაქტორი: ეკონომიკურად სრულიად დამოკიდებული ქალები იძულებულნი არიან გაუზიარონ პრობლემა სხვა ადამიანს მათი სურვილის მიუხედავად. დასაქმებულ ქალებსაც კი, აბორტის, პრე/პოსტაბორტული პროცედურების ხარჯები ხშირად მძიმე ეკონომიკური ტვირთია.
) გეოგრაფიული ბარიერი
აბორტის სერვისის მიღება ყველა ქალს არ შეუძლია საკუთარ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში. ეს იმიტომ, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება არ/ვერ აწვდის ამ სერვისს მომხმარებელს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის არარსებობა რეგიონში, არ მის მიერ აბორტის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმა. მართალია, ექიმს აქვს უფლება უარი თქვას ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პროცედურის ჩატარებაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს ზოგადად გინეკოლოგიური განყოფილება, უნდა უზრუნველყოფდეს აბორტის სერვისის მიწოდებას.
ყველა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აბორტის სერვისის ვერ მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს შიდა (ზოგჯერ, არაოფიციალური) რეგულაციები. ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება აბორტს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და მხოლოდ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სთავაზობს პაციენტს და არა უბრალოდ ქალის გადაწყვეტილებით, როგორც ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
ეს ის ბარიერებია, რაც მე პირადად მომისმენია ქალებისგან და რაც, ფაქტია, რომ არსებობს ჩენს რეალობაში.
ზ) პრობლემის მასშტაბურობა და გამოსავალი
საქ.სტატის მონაცემებით ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 30-35 ათასი აბორტი კეთდება. ოფიციალურად რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელი, მართალია, ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ, მაინც ძალიან აღემატება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლებს და დაახლოებით 2-ჯერ მეტია ევროპის საშუალო მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, ამ თემებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ რომ ძალიან დიდი პრობლემაა თვითნებური და არალეგალური აბორტების მაჩვენებელიც (რაშიც შედის, თუნდაც, საიტოტეკის თვითნებურად მიღებით აბორტის მცდელობა). მართალია, ამგვარი აბორტების აღრიცხვა და ზუსტი სტატისტიკის წარმოება ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ, როგორც სფეროში მომუშავე ექსპერტები და თავად მედიკოსები აღნიშნავენ მათი რიცხვი ყოველწლიურად შესაძლოა უფრო მეტიც კი იყოს, ვიდრე ოფიციალურად რეგისტრირებული აბორტებისა.
რა უბიძგებთ ქალებს თვითნებური ან არალეგალური აბორტებიკენ უკვე განვიხილეთ. ახლა დავსვათ კითხვასაერთოდ რატომ დგება ამდენი აბორტის საჭიროება? რატომ ვერ ახერხებენ ქალები არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას?
პასუხი ერთი შეხედვით მარტივიაარ არსებობს საკმარისი ცოდნა, ხელმისაწვდომობა და პრაქტიკა თანამედროვე კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენებისა. დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამავე სტრატეგიის მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის (დაახლოებით 15-49 წლის) ქალების მხოლოდ 35% მიუწვდება ხელი კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე და მხოლოდ 17% აქვს შესაძლებლობა ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიიღოს პროფესიონალური წყაროებიდან.
მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის მიერ ბოლო წლებში შემუშავებულ კონტრაცეფციის ატლასის მიხედვით საქართველო 45%-ით ევროპის მასშტაბით კონტრაცეფციის გამოყენების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებს შორისაა. სავარაუდოა, რომ ამ მაჩვენებელში შედის კონტრაცეფციის ტრადიციული მეთოდებით (მაგ. კალენდარული მეთოდი, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი და ..), რომელთა ეფექტიანობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, ეფექტიანი კონტრაცეფციის გამოყენების მაჩვენებლი უფრო დაბალი იქნება (როგორც ეს დედათა და ახალშობილთა ეროვნულ სტრატეგიაშია მითითებული).
რა არის გამოსავალი? გვჭირდება თუ არა მეტი ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე? მეტი ხელმისაწვდომობა თანამედროვე კონტრაცეფციულ საშუალებებზე? გვჭირდება თუ არა პროფესიონალური, ანონიმური ან კონფიდენციალური წყაროები, საიდანაც შევძლებთ ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მომსახურების მიღებას ამომწურავად?
აბორტის საჭიროების წინაშე დამდგარი ყველა ქალისთვის უნდა იყოს თუ არა ხელმისაწდომი უსაფრთხო ეს პროცედურა? აყენებს თუ არა სერიოზულ ზიანს ამ თემების ტაბუირება ქალების ფიზიკურ ჯანმრთელობას ან/და ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას? ყოველწლიურად, ათასობით თვითნებური და არალეგალური აბორტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას და მისი რეპროდუქციულ უნარს, არის თუ არა პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს გადაჭრის გზების ძიებას?
ვფიქრობ, მნიშნელოვანია ფართომასშტაბიანი დისკუსიის დაწყება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. იმედია ეს ბლოგი ამისთვის კარგი ბიძგი იქნება.
 
ბლოგის ავტორი:
თამთა კახაბერიძე

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s