ორსულობის თვითნებური შეწყვეტა- მიზეზები, შედეგები და საფრთხეები


 mizoprostol-analogi-instrukciya-otzivi_4

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ FACEBOOK ჯგუფში, სადაც ძირითადად დედები იკრიბებიან და ერთმანეთს გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებენ ორსულობას, მშობიარობას, ბავშვის მოვლასა და ზოგადად, დედობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, წავაწყდი პოსტს, რომელშიც კითხვა იყო დასმული საიტოტეკის მოხმარებისა და შემდგომი შედეგების შესახებ. თავიდან, საიტოტეკი ბავშვის მუცლის ან ყურის ტკივილის, გაციების ან სიცხის დამწევი მედიკამენტი მეგონა (რადგან ჯგუფში შეკრებილი ქალები ძირითადად მათი შვილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ), რადგან მე ჯერჯერობით არც შვილები მყავს და არც თავის ტკივილებს ვუჩივი, თავიდან პოსტისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. თუმცა, შემთხვევით რამდენიმე კომენტარს მოვკარი თვალი და მივხვდი რომ „რაღაც ისე ვერ იყო“.
პოსტის კომენტარებში ჯგუფის წევრთა ნაწილი წერდა, რომ აღნიშნული პრეპარატი გამოუყენებია, ნაწილმა კი დაწერა, რომ თვითონ ან მისი ნაცნობი საიტოტეკს მუდმივად იყენებს. მსგავს კომენტარებს, ჯგუფის დანარჩენი წევრების მხირდან კრიტიკა (ლანძღვაც!) მოჰყვა. საბოლოოდ, პოსტს ათობით ქალი გამოეხმაურა, რომლებიც ან საკუთარ, ან მათი ნაცნობ-მეგობრების გამოცდილებებს ყვებოდნენ საიტოტეკის გამოყენებასთან დაკავშირებით. არცთუ ცოტა ქალი წერდა, რომ საიტოტეკის მუდმივი მომხმარებალია, ზოგი ამით კმაყოფილებას გამოხატავდა, ზოგი კი აღნიშნავდა რომ ამის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობელემბი შეექმნა.
დამაინტერესა, რა არის საიტოტეკი – პრეპარატი, რომლის „დანიშნულება“ პოსტის ქვეშ შეკრებილი ქალებიდან ყველამ იცის, ყველა ერთმანეთს ამუნათებს მისი მოხმარების გამო, მაგრამ, ერთხელ მაინც უმეტეს მათგანს აქვს გამოყენებული და ბევრი სტაბილურადაც მოიხმარს.
მცირე კველვა ჩავატარე – „დედების“ სხვა ჯგუფებში; ნაცნობ დედებთან; აფთიაქებში Google-ში. გავიარე კონსულტაცია „ჰერა XXI“-ის რეპროდუქტოლოგთან.
აღმოჩნდა, რომ საიტოტეკი არის პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ, კუჭის წყლულის მკურნალობის და მისი პრევენციის მიზნით გამოიყენება. მისი ოფიციალური სახელწოდებაა მიზოპროსტოლი და მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებოით ისე მოქმედებს ორგანიზე, როგორც ჰორმონები. მას, სხვა ფუნქციებთან ერთად, აქვს გლუვი კუნთების შეკუმშვის უნარი. და რადგან, საშვილოსნო ერთ-ერთი გლუვკუნთოვანი ორგანოა, ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელი იკუმშება და დუნდება. სწორედ ამიტომ, საიტოტეკს იყენებენ მედიკამენტოზური აბორტის დროს მიფეპროსტონის (ძირითადი ნივთიერება, რომლითაც კეთდება მედიკამენტოზური აბორტი) ეფექტის გასაძლიერებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი და მით უმეტეს მიფეპროსტონის მიღება ექიმთან კონსულტაციის და მისი დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
პრობლემა:
ქალები, რომლებსაც სურთ აბორტის გაკეთება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართონ პროფესიონალ გინეკოლოგს, გაიარონ პრეაბორტული კონსულტაცია და კვალიფიციური მედიკოსის მიერ (ინვაზიური აბორტის შემთხვევაში) ან მისი მეთვალყურეობით (მედიკამენტოზური აბორტის შემთხვევაში) შეწყვიტონ ორსულობა,  „ზედმეტიდროის, ენერგიისა და ფულის დახარჯვის გარეშე, მარტივად, აფთიაქში ყიდულობენ აღნიშნული პრეპარატს და მისი საშუალებით ცდილობენ შეიწყვიტონ ორსულობა.
რატომ არის სახიფათო ეს ტენდენცია?
როგორც უკვე აღვნიშნე, საიტოტეკის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. ტიპური გვერდითი ეფექტები, რაც მის თვითნებურად მიღებას ახლავს თან, არის: დიარეა, თავბრუსხვევა, ღებინება, თავისა და მუცლის ტკივილი, უარეს შემთხვევებში კისაშვილოსნოს დიდი ზომის მიომა, ბრონქიალური ასთმა და .. „ჰერა XXI“-ის რეპროდუქტოლოგის განმარტებით, მისი მიღება განსაკუთრებთ არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის გოგონებისთვის და იმ ქალებისთვის, ვინც ძუძუთი კვებავს ბავშვს. გარდა ამისა, ორსულობის დროს მისი მიღება უმეტეს შემთხვევაში იწვევს ძლიერ სისხლდენას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა სერიოზულ პრობლემებს. საიტოტეკი სიფრთხილით უნდა გამოვიყნოთ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტონია, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა, გულის იშემიური დაავადებები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საიტოტეკის მიღებიდან ერთი კვირის მანძილზე არ შეიძლება აცეტილსალიცილის მჟავის („ასპირინის“) მიღება.
მედიკამენტოზური აბორტის დროს ექიმის მიერ საიტოტეკის დანიშნვა ხდება კონკრეტული ქალის ორგანიზმის ინდივიდუალურად შესწავლის შემდეგ და ის მხოლოდ დამატებითი საშუალებაა, პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად. ანუ, მხოლოდ საიტოტეკის საშუალებით ორსულობის შეწყვეტა არ შეიძლება და ეს ქმედება მედიცინის თვალსაზრისით გაუმართლებელია.
რადგან მხოლოდ საიტოტეკი არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას, ქალები რომლებიც ამ საშუალებას მიმართავენ აბორტისათვის, აღნიშნულ პრეპარატს სვამენ იმაზე უფრო ხშირად და იმაზე უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ეს მის ინსტრუქციაშია მითითებული (.. ინსტრუქციაში არაფერია წერია იმაზე, რომ მისი გამოყენება ორსულობის შეწყვეტისთვისაცაა შესაძლებელი). ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს, რაც უკვე ჩამოვთვალე. ასევე, შესაძლოა ორსულობის შეწყვეტისთვის ქირურგიული ჩარევა გახდეს აუცილებელი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ინფორმაციის მოძიების პროცესში რამდენიმე ცოცხალი ისტორია მოვისმინე/წავიკითხე იმაზე, თუ როგორ იღებენ ამ პრეპარატს ქალები მაშინაც კი, როცა არ არიან დარწმუნებული ორსულობაშიმენსტრუალური ციკლის გადაცდომისთანავე, პირდაპირ იწყებენ საიტოტეკის მიღებას.  აქედან შეიძლება დავასკვნათქალებმა იციან, რომ მედიკამენტოზური აბორტი მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო მალე გაკეთდება (მედიკამემნტოზური აბორტით ორსულობის შეწყვეტა რეკომენდებულია ორსულობის 9 კვირამდე), თუმცა, არ იცინ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდნენ, როცა მხოლოდ საიტოტეკის საშუალებით ცდილობენ ორსულობის შეწყვეტას.
მნიშნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებაც, რომელიც, მსგავს შემთხვევებში თავიდან აგვარიდებს შესაძლო არასასურველ ორსულობას.
რატომ მიმართავენ ქალები თვითნებურ აბორტებს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად?
საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ განმარტავს, რომორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერმოთხოვნით ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, ექიმის მიერ წინასწარი კონსულტაციისა და ამ კონსულტაციიდან გასული 5 დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა არაკანონიერია.
ნიშნავს თუ არა აბორტის ლეგალურობა იმას, რომ იგი ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომია? როგორც ჩანს არა.
არსებობს უამრავი ბარიერი რის გამოც ქალები ვერ ახერხებენ კვალიფიციური ექიმის დახმარებით, ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღონ აბორტის სერვისი. ამის გამო, მათ უწევთ მიმართონ .. იატაკქვეშა საშუალებებს და გაიკეთონ თვითნებური ან არალეგალური აბორტი.
რა ბარიერებზეა საუბარი?
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ორსულობის შეწყვეტას (აბორტი) კანონმდებლობა ისევე არეგულირებს, როგორც განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ .. მოსაფიქრებელი დრო, ექიმთან კონსულტაციიდან უშუალო აბორტის პროცედურამდე, 2014 წელს, ფაქტობრივად სრულიად დაუსაბუთებად, გაიზარდა 3-დან 5 დღემდე. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოსაფიქრებელი დრო საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, იგი შემთხვევების აბსოლუტურ უმეტესობაში არ ცვლის ქალის გადაწყვეტილებას. პირიქით, დამატებითი ფსიქოლოგიური, გეოგრაფიული თუ ეკონომიკური სირთულეების და ბარიერების მიზეზი ხდება.
თუმცა, აღნიშნულს რომ თავი დავანებოთ, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულებაც არ ხდება ქვეყანაში.
აბორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულმა რა ბარიერებმა შეიძლება გადააწყვეტინოს ქალს თვითნებური (საიტოტეკის მაგალითი), ან არალეგალური აბორტის გაკეთება?
) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშრებულ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა
ჩვენს საზოჯადოებაში ფაქტობრივად არ არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს კვალიფიციური, ზუსტი და მისთვის საჭირო ამუმწურავი ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგ. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ან, თუნდაც, აბორტის უსაფრთხო მეთოდები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კრძალავს აბორტის რეკლამირებას. მაგრამ, ჩნდება კითხვებისად გადის ზღვარი აბორტის რეკლამირებასა და მის შესახებ ჯანსაღი ინფორმაციის გავრცელებას შორის?! უნდა იცოდნენ თუ არა ქალებმა უსაფრთხო აბორტის რა საშუალებები არსებობს და რომელი მეთოდის გამოყენება შეუძლიათ თავად? უნდა ჰქონდეთ თუ არა საშუალება თავად აირჩიოთ აბორტის მეთოდი თუ ამის საჭიროება არსებობს? ინფორმაციული ვაკუუმი ხომ არ არის მიზეზი საიტოტეკის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევებისა და იმ შედეგებისა, რასაც ვიღებთუნდა გვქონდეს თუ არა ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციის ჩვენთვის სასურველ და მოსახერხებელ მეთოდებზე?
) სტიგმა
უმნიშნელოვანესი ფატორია აბორტთან დაკავშირებული სტიგმა, რომელიც დამატებით ფსიქოლოგიური ზეწოლაა იმ ქალებისთვის, რომლებსაც უწევთ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება. „ქალი რომელიც აბორტს გაიკეთებს კარგი დედა ვერ იქნება ან ამის ღირსი სულაც არ არის“ – ეს და სხვა მსგავსი მორალური/ეთიკური დამოკიდებულებები, გაკიცხვის, შეურაცხყოფის, შერცხვენის, ლანძღვის ობიექტად გახდომის შიში არის ის მნიშვნელოვანი ბარიერი, რაც ქალებს აიძულებს რაც შეიძლება ჩუმად მოიძიონ რაიმე საშუალება და ჩავიდნენ იატაკქვეშ დილემისგან თავის დასაღწევად.
) სოციალური სტატუსი
გინეკოლოგთან ვიზიტთან, ორსულობასთან და ზოგადად, სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშრებით განსაკუთრებული სტიგმის ქვეშ არიან ის ქალები, რომლებსაც სოციალური სტატუსი არ აძლევს ამ თემებით დაინტერესებისუფლებას.“ მაგ. ახალგაზრდა გოგონები; დაუოჯახებელი, ქვრივი თუ განქორწინებული, მოკლეთ რომ ვთქვათ, „უქმროქალები და ..
) კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან
ექიმთან ვიზიტისას ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ინფორმაცია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ დარჩება კონფიდენციალურად. განსაკუთრებით გინეკოლოგთან/რეპროდუქტოლოგთან კომუნიკაცია უნდა იყოს ობიექტური, განსჯისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან თავისუფალი, ეფექტური და ყოვლისმომცველი.
კომუნიკაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებიც, რომლებიც, ხშირად, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ექიმთან კონსულტაციასა და საჭირო სერვისის მიღებას.
) გენდერული სტერეოტიპები და ეკონომიკური მდგომარეობა
რეპროდუქციის უნარი, რა თქმა უნდა, ქალის ექსკლუზიური უნარია და მას სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად აკონტროლოს და გამოიყენოს ეს უნარი. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი დაოჯახებულია, არასასურველი ორსულობის და შესაბამისად, აბორტის მთელი ტვირთი, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მას ეკისრება. ხშირად, კაცები საკუთარ პასუხისმგებლობასა და როლს არ აღიარებენ არასასურველი ორსულობის დადგომასა და ამ პრობლემის გადაჭრის საქმეში.
ამას ემატება ეკონომიკური ფაქტორი: ეკონომიკურად სრულიად დამოკიდებული ქალები იძულებულნი არიან გაუზიარონ პრობლემა სხვა ადამიანს მათი სურვილის მიუხედავად. დასაქმებულ ქალებსაც კი, აბორტის, პრე/პოსტაბორტული პროცედურების ხარჯები ხშირად მძიმე ეკონომიკური ტვირთია.
) გეოგრაფიული ბარიერი
აბორტის სერვისის მიღება ყველა ქალს არ შეუძლია საკუთარ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში. ეს იმიტომ, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება არ/ვერ აწვდის ამ სერვისს მომხმარებელს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის არარსებობა რეგიონში, არ მის მიერ აბორტის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმა. მართალია, ექიმს აქვს უფლება უარი თქვას ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პროცედურის ჩატარებაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს ზოგადად გინეკოლოგიური განყოფილება, უნდა უზრუნველყოფდეს აბორტის სერვისის მიწოდებას.
ყველა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აბორტის სერვისის ვერ მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს შიდა (ზოგჯერ, არაოფიციალური) რეგულაციები. ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება აბორტს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და მხოლოდ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სთავაზობს პაციენტს და არა უბრალოდ ქალის გადაწყვეტილებით, როგორც ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
ეს ის ბარიერებია, რაც მე პირადად მომისმენია ქალებისგან და რაც, ფაქტია, რომ არსებობს ჩენს რეალობაში.
ზ) პრობლემის მასშტაბურობა და გამოსავალი
საქ.სტატის მონაცემებით ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 30-35 ათასი აბორტი კეთდება. ოფიციალურად რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელი, მართალია, ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ, მაინც ძალიან აღემატება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლებს და დაახლოებით 2-ჯერ მეტია ევროპის საშუალო მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, ამ თემებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ რომ ძალიან დიდი პრობლემაა თვითნებური და არალეგალური აბორტების მაჩვენებელიც (რაშიც შედის, თუნდაც, საიტოტეკის თვითნებურად მიღებით აბორტის მცდელობა). მართალია, ამგვარი აბორტების აღრიცხვა და ზუსტი სტატისტიკის წარმოება ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ, როგორც სფეროში მომუშავე ექსპერტები და თავად მედიკოსები აღნიშნავენ მათი რიცხვი ყოველწლიურად შესაძლოა უფრო მეტიც კი იყოს, ვიდრე ოფიციალურად რეგისტრირებული აბორტებისა.
რა უბიძგებთ ქალებს თვითნებური ან არალეგალური აბორტებიკენ უკვე განვიხილეთ. ახლა დავსვათ კითხვასაერთოდ რატომ დგება ამდენი აბორტის საჭიროება? რატომ ვერ ახერხებენ ქალები არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას?
პასუხი ერთი შეხედვით მარტივიაარ არსებობს საკმარისი ცოდნა, ხელმისაწვდომობა და პრაქტიკა თანამედროვე კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენებისა. დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამავე სტრატეგიის მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის (დაახლოებით 15-49 წლის) ქალების მხოლოდ 35% მიუწვდება ხელი კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე და მხოლოდ 17% აქვს შესაძლებლობა ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიიღოს პროფესიონალური წყაროებიდან.
მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის მიერ ბოლო წლებში შემუშავებულ კონტრაცეფციის ატლასის მიხედვით საქართველო 45%-ით ევროპის მასშტაბით კონტრაცეფციის გამოყენების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებს შორისაა. სავარაუდოა, რომ ამ მაჩვენებელში შედის კონტრაცეფციის ტრადიციული მეთოდებით (მაგ. კალენდარული მეთოდი, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი და ..), რომელთა ეფექტიანობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, ეფექტიანი კონტრაცეფციის გამოყენების მაჩვენებლი უფრო დაბალი იქნება (როგორც ეს დედათა და ახალშობილთა ეროვნულ სტრატეგიაშია მითითებული).
რა არის გამოსავალი? გვჭირდება თუ არა მეტი ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე? მეტი ხელმისაწვდომობა თანამედროვე კონტრაცეფციულ საშუალებებზე? გვჭირდება თუ არა პროფესიონალური, ანონიმური ან კონფიდენციალური წყაროები, საიდანაც შევძლებთ ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მომსახურების მიღებას ამომწურავად?
აბორტის საჭიროების წინაშე დამდგარი ყველა ქალისთვის უნდა იყოს თუ არა ხელმისაწდომი უსაფრთხო ეს პროცედურა? აყენებს თუ არა სერიოზულ ზიანს ამ თემების ტაბუირება ქალების ფიზიკურ ჯანმრთელობას ან/და ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას? ყოველწლიურად, ათასობით თვითნებური და არალეგალური აბორტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას და მისი რეპროდუქციულ უნარს, არის თუ არა პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს გადაჭრის გზების ძიებას?
ვფიქრობ, მნიშნელოვანია ფართომასშტაბიანი დისკუსიის დაწყება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. იმედია ეს ბლოგი ამისთვის კარგი ბიძგი იქნება.
 
ბლოგის ავტორი:
თამთა კახაბერიძე

 

Advertisements

არ მოითმინოთ! არ შეგეშინდეთ! იყავით ბედნიერები, იმსახურებთ!

via ცოცხალი ისტორიები

#გადავწყვიტემეთქვა 

ძალადობა ოჯახში

     ოჯახი რომ შევქმენი, პატარა არ ვყოფილვარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას თურმე. ძალიან ნაჩქარევად გადავდგი ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. გაცნობიდან ერთ თვეში დავქორწინდით. გაცნობის დღიდანვე მაოცებდა თავისი მჭევრმეტყველებით, გარეგნობით, ინტელექტით, სიურპრიზებითა და ორიგინალურობებით. მეც ვიფიქრე, იდეალურ ადამიანს შევხვდი-მეთქი და მალევე შემიყვარდა.

    ჩემი ოჯახი კარგი სოციალური მდგომარეობით შეიძლება დახასიათდეს, როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ ეს იყო თურმე  ის გზა, რამაც ჩემი ყოფილი ქმარი ჩემამდე მოიყვანა. სამედიცინოზე ვსწალობდი და ქორწილის შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემს ბინაში. ის არ მუშაობდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ სიტუაცია აირია. როცა მე უნივერსიტეტში მივდიოდი და მას ბავშვის მოვლა უწევდა, არ მუშაობდა და ვერაფერს ვხედავდი ცუდს და გაუგებარს იმაში, რომ ბავშვის მოვლაში მაინც დამხმარებოდა, იქამდე მაინც მიეხედა სანამ მე დავბრუნდებოდი. თავიდან ამ საკითხს დადებითად ეკიდებოდა და იშვიათად თუ გამოთქვამდა პრეტენზიას. შემდეგ აზარტულ  თამაშებს მიჰყო ხელი და წაგების მეტს არაფერს აკეთებდა, ფულს, რა თქმა უნდა, მე მთხოვდა და აქედან დაიწყო სწორედ ჩვენი კამათი, რომელიც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა. დრო გადიოდა და ყველაფერი უკეთესობის ნაცვლად უარესობისკენ იცვლებოდა.

ძალადობრივ გარემოში მცხოვრები ბავშვი

      ბავშვიც წამოიზარდა და მეტი მოთხოვნებიც უჩნდებოდა, თამაში უნდოდა და როცა მამამისს სთხოვდა რამეს, ის გაღიზიანებული იშორებდა თავიდან ან უარეს შემთხვევაში წაუთაქებდა კიდეც, რაზეც ისტერიკა მემართებოდა და მორიგი ჩხუბის სერია იწყებოდა. ვცდილობდი მდგომარეობა როგორმე გამომესწორებინა, მაგრამ ყველაფერი დღითიდღე უარესდებოდა. როცა სახლში ვბრუნდებოდი ბავშვი ან დაძინებული მხვდებოდა ან დიდი ხნის ძილისგან თვალებჩასიებული. თურმე ხელი რომ არ შეეშალა ბავშვს თამაშისას, ძალით აძინებდა და ბავშვს შიშისგან სხვა გამოსავალიც არ რჩებოდა. ამ ქმედებამ ინტენსიური ხასიათი როცა მიიღო,  გადავწყვიტე დაუყოვნებლივ რამე ზომა მიმეღო. ქმართან ჯერ მშვიდად ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ისე იყო გაღიზიანებული, რომ პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდა და უკან რომ არ დავიხიე, როგორც ჩვეულებისამებრ, რადგან აქ საქმე უკვე შვილს ეხებოდა, ხელი დამარტყა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. ეს ჩემთვის საშინლად შეურაცხმყოფელი იყო და გადავწვიტე პირველივე შემთხვევისთანავე სახლიდან წამოვსულიყავი, იმიტომ რომ მაგას ვერანაირი ძალისხმევით ვერ გავაგდები ჩემი სახლიდან. ვიცოდი, ჩემი მშობლები მხარს დამიჭერდნენ,  ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი ესე თამამად. რა თქმა უნდა, ჩემი იმედები გამართლდა მშობლების მიმართ და წამოვედი სახლიდან.

ძალადობის ციკლურობა

     სამი დღე გავიდა და მოვიდა ბოდიშებით, ახსნა-განმარტებებით, საქციელის გამოსწორების დაპირებებით. უარით გავისტუმრე, მაგრამ ყოველდღე გრძლედებოდა მისი ეს საქციელები და მეც თავი დავაჯერე, რომ გულრწფელი იყო, თან ბავშვსაც ენატრებოდა მამა და დაბრუნება გადავწყვიტე. პირველი ერთი თვე ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. ჩემთვის აუტანელი იყო ეს სიტუაცია, თან როცა პარალელურად ვსწავლობდი, თან სამედიცინოზე და საკამოდ მოწადინებული სტუდენტიც ვიყავი. ჩვეული ჩხუბი უკვე ცემაში გადაიზარდა. ამ სცენის მერე იმდენად გადასხვაფერდებოდა, რომ მეგონა სხვა ადამიანი იდგა ჩემ წინაშე – მეფერებოდა, პატიებას მთხოვდა, ტიროდა კიდეც და იმდენად შემაცოდებდა ხოლმე თავს, რომ დალურჯებამდე ცემის შემდეგაც კი ვაპატიე. გავიდა დრო, ამჯერადაც როგორც ყველა ჩხუბის შემდეგ კარგად მიდიოდა ყველაფერი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნივერსიტეტში გადატვირთული რეჟიმის გამო სახლში მოსვლა მაგვიანდებოდა და ვუხსნიდი რატომაც მაგვიანდებოდა, თავიდან იგებდა, მაგრამ ბოლო დღეს, როცა დამაგვიანდა ისეთი სახით დამხვდა სახლში, რომ ვიცოდი კარგი დღე არ დამადგებოდა. არც კი მაცადა რამის ახსნა ისე დამარტყა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დარტყმას არ დასჯერდა, იარაღით დამადგა და მოკვლით მემუქრებოდა.

ჩარევის აუცილებლობა – ძალადობა არ უნდა დარჩეს ოჯახში

    მე ყვირილი დავიწყე, ჩემს ყვირილზე მეზობლებმა შემოანგრიეს კარი და სიკვდილს გადამარჩინეს. მაშინ ზუსტად გადავწყვიტე, რომ მე მასთან არც ერთი წუთით არ გავჩერდებოდი, არც ერთ შემთხვევაში. ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას ჩემი შვილი ასეთ გარემოში გაზრდილიყო. ამჯერად ის სახლიდან გავაგდე. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რადგან გვერდში დამიდგნენ და თავი უმწეოდ არ მაგრძნობინეს. იმდენად დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ეს ჩემთვის, რომ კარგა ხანს დეპრესიიდან ვერ გამოვედი, მაგრამ მეგობრების, მშობლებისა და საკუთარი თავის შემართებით ფეხზე წამოვდექი, მე ვიცოდი რომ შვილი უნდა გამეზარდა და ყველაფერი მეცადა იმისთვის, რომ მისთვის ის საშინელი კადრები დამევიწყებინა, რაც ამ ხნის განმავლობაში ქონდა ნანახი.

ცხოვრება ძალადობის შემდეგ

     რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ შევძელი ჩვეულ რეჟიმში ჩავმდგარიყავი. ის ისევ ცდილობდა ჩემამდე მოსვლას, მაგრამ  მე მას ყველა ჩემამდე მოსასვლელი გზა გადავუჭერი და საბოლოოდ იურიდიულად გავეყართ ერთმანეთს. შვებით ამოვისუნთქე და უფრო შემართებით გავაგრძელე ცხოვრება. წარმატებით დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც. პარალელურად ვცდილობდი სამაგალითო შვილი გამეზარდა და დღემდე ვცდილობ ამას და მგონი გამომდის. არაფერი დაკლებია ჩემს შვილს, არც უმამობა უგვრძნია, მაგასაც ვითავსებ და შევითავსებ კიდეც სანამ ფეხზე ვდაგვარ, რადგან მამამისს განშორების შემდეგ არც ერთხელ ჰქონია შვილის ნახვის სურვილი. მე დღეს ვარ შემდგარი ქალი, მაქვს ჩემი პროფესია და ვარ ყველაფრით უზრუნველყოფილი, ვცხოვრობ მშვიდად და ბედნიერად. მივიჩნევ, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო გვერდით მამაკაცი, მითუმეტეს მოძალადე მამაკაცი.

რას ვურჩევდი სხვებს

     მინდა, ყველა იმ ქალს მივმართო, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, რომ არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად მისგან სილა ავიტანოთ, არცერთი არ არის შანსის მიცემის ღირსი. ცხოვრება იმისთვისაა, რომ იყოთ ბედნიერები და არა იმისთვის, რომ მოძალადეებს შესწიროთ და შიშის ქვეშ იყოთ. არ იცხოვროთ მოძალადესთან იმის შიშით ,,მეზობლები რას იტყვიან“, „ნათესავები რას იფიქრებენ“, „შვილს როგორ ავუხსნა“,  პირიქით, სწორედ შვილის ბედნიერებისთვის და და მისი სწორად აღზრდისთვის უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. არ მოითმინოთ! არ შეგეშინდეთ! იყავით ბედნიერები, იმსახურებთ!

რესპონდენტი , 38 წლის , ვინაობა ანონიმურია 

დიმიტრი ცქიტიშვილი გენდერული თანასწორობის საკითხებზე…

 

დიმიტრი ცქიტიშვილი-სურათი

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ასოციაცია ჰერა XXI-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ პრობელემებზე და გადაწყვეტის გზებზე.

„მე მემარცხენე ფემინისტური იდეოლოგიიდან გამოვდივარ ხოლმე. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს. მგონია, რომ ყველაზე სწორი გზაა, ქალს პირველ რიგში მივცეთ არჩევანის შესაძლებლობა. ქალს პოლიტიკური თავისუფლება აძლევს არჩევანის თავისუფლებას და ეკონომიკური თავისუფლება – ამ თავისუფლების გამოყენების შესაძლებლობას.“ – ამბობს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც, ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრიცაა, ასოციაცია ჰერა XXI-თან საუბრისას.

მისი თქმით, ქალთა უფლებების მიმართულებით ეს ორი საპარლამენტო ორგანო შეთანხმებულად მოქმედებს.
დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისეთ ფართო ცნებას, როგორიც გენდერული თანასწორობაა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოც კი სრულად ვერ მოიცავს. ამიტომაც, საბჭოს მიერ 2017 წელს მიღებული, ერთწლიანი სამოქმედო გეგმა მხოლოდ რეალისტური შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული: – „სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. სამუშაო პროცესი ვრცელი და რთულია, ამიტომ ვეცადეთ მაქსიმალურად რეალისტები ვყოფილიყავით. მთავარი მანდატი, რაც აქვს გენდერულ საბჭოს არის პოლიტიკური დოკუმენტების ფორმირება. უნდა გაკეთდეს სამაგიდო კვლევა, რომელიც იქნება ჩვენი სახელმძღვანელო. სხვა შემთხვევაში, კომპასი თუ არ გვექნება შეიძლება უბრალოდ გზაში დავიკარგოთ, რადგან ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დონორს აქვს თავისი ხედვა და რესურსი, ჩვენ გვინდა ამ ყველაფერს თავი მოვუყაროთ ერთი კვლევის საფუძველზე.“დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე შეეხო რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არანაირი კონკრეტული კამპანია არ წამოუწყია საბჭოს – „გვაქვს ბიუჯეტირების საკითხი, ქალთა ძალადობაზე რეაგირების საკითხი – რაც წამოწეულია წინა პლანზე. მაგრამ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩვენ საინფორმაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ,   რათა მოსახლეობას არა მხოლოდ ანგარიში მივაწოდოთ  ჩვენს საქმიანობაზე, არამედ ინფორმაცია, ცნობიერების ამაღლების კუთხით, ეს ძალიან აშკარაა.“
მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებული შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში

გგგგგგგგგგგგგ

 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი გიგი წერეთელი საუბროს იმ შემაფერხებელ ფაქტორებზე, რაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებობს საქართველოში

„მნიშვნელოვანია გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვომობა. დღეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მეტნაკლებად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა არსებობს, თუმცა, ძალიან ბევრი რაიონია საქარველოში, საიდანაც შორსაა სამედიცინო პუნქტები ან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები. ამ შემთხვევაში, ძირითადად სოფლის ექიმთან უნდა მოხდეს პირველადი ვიზიტი, შემდეგ რეფერალური სისტემით ეს შეიძლება მოხვდეს სხვა, უფრო მაღალი ტიპის დაწესებულებაში თუ ამის საჭიროება არის. მე მგონია რომ განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა.”ამბობს გიგი წერეთელი.

გიგი წერეთელი საკმაოდ მწვავედ აფასებს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული განვითარების თემას: „ – სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც უფრო ლიბერალური გახდა რესერთიფიცირება – აღარ არის გარკვეული მოთხოვნები –  შემცირებულია პერსონალური განვითარების დონე. ასეთი მიდგომა აზარალებს ხარისხს. მე მგონია რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი.  სოფლის ექიმებს, რაიონული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, ან, თუნდაც, პროფილურ დაწესებულებებში როგორიცაა მეან-გინეკოლოგიური ან რეპროდუქტოლოგიური კაბინეტები, ექიმებს მუდმივად სჭირდებათ ტრენინგები, მეტი განათლება. ხშირად იცვლება მიდგომები, მეთოდები, მათ ამ ყველაფერზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.“

დეპუტატი საუბრობს დემოგრაფიულ პრობლემებზე. მისი თქმით ქვეყანას სჭირდება შობადობის მაჩვენებლის ზრდა. მაგრამ, ეს ყველაფერი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის პარალელურად უნდა მოხდეს: „ – თუკი ადამიანები აჩენენ შვილებს ეს ძალიან კარგია, მაგრამ შემდგომ, ეკონომიკური პრობლემების, სიღარიბის გამო შეიძლება სულ სხვა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ.“

აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ განხილვებზე წერეთელი ამბობს რომ საუბარი უნდა იყოს არა აბორტის აკრძალვაზე, არამედ იმაზე, რომ აბორტამდე არ მივიდეთ და მაქსიმალურად მოხდეს ასეთი ტიპის ჩარევების პრევენცია. მას, ამის საშუალებად მიაჩნია ცოდნა და განათლება. „ – ვფიქრობ, ქართველ ქალებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება და ხელმისაწვდომობა გამოიყენონ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე საშუალებები.“- ამბობს ის.

ინფორმაციის მიწოდების გზებზე საუბრისას დეპუტატი გამოყოფს სოციალური მედიის მნიშვნელობას, სემინარებისა და ტრენიგების ორგანიზებას, ასევე თანატოლთა განათლების პროგრამებს – როცა ახალგაზრდა, თავის თანატოლს აწვდის ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. ასევე, საზოგადოებრივი ლიდერების, პოპულარული ადამიანების ჩართულობას.“

გიგი წერეთელი ყურადღებას ამახვილებს პრობლემის მოგვარების პოლიტიკურ ნებაზე: „არიან ძალიან კონსერვატიული პარტიები, ლიდერები, რომლებიც თვლიან რომ საერთოდ არ შეიძლება ოჯახის დაგეგმვის პროგრამები არსებობდეს, რომ არჩევანი არ უნდა იყოს, რომ არავინ უნდა გაიკეთოს აბორტი. მეც ვეთანხმები, რომ სასურველია აბორტი არავინ გაიკეთოს, მაგრამ მაინც იკეთებენ აბორტს და ყველაზე ცუდი ისაა რომ რაც უფრო იკრძალება, მით უფრო იზრდება არალეგალური აბორტების რიცხვი. ბევრი ქვეყნის მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როცა უამრავი სიცოცხლე შეიწირა სწორედ ამ უკანონო აბორტებმა და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებმა. ამიტომ მთავარი ამოცანა არის პრევენცია და ამ პრევენციის ძალიან ეფექტური საშუალებაა სწორედ ცოდნა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

მომზადებულია: ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ

„ოჯახის დაგეგმვას არ გააჩნია ალტერნატივა“ -აკაკი ზოიძე

 

აკაკი ზოიძე ( 23

მომავალ მშობელთა საერთაშორისო ფედერაციამ (IPPF) 2013 წელს შეიმუშავა “ახალი საერთაშორისო განვითარების ხედვა 2020” (Vision 2020), რომელიც მოიცავს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის 10 ძირითად მიზანს.
“ახალი საერთაშორისო განვითარების ხედვა 2020”–ის არსის და იდეების გასაცნობად სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და ზოგადად, მმართველი ორგანოებისთვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

მათ შორის 2013 წელს შემუშავდა პეტიცია ”მე გადავწყვიტე”. “I DECIDE”#idecide
წინ წამოწიოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მნიშვნელობა და საჭიროება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში არსებული საკითხების პოპულარიზაციას,

2017 წელს ”მე გადავწყვიტე”- “I DECIDE”#idecide მსოფლიოს კონტრაცეფციის საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობისკენ მოუწოდებს. ბარიერები, რომელიც ქალებს ექმნებათ კონტრაცეფციასა და ოჯახის დაგეგმვის სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მათი არჩვანის თავისუფლების შეზღუდვაა, რის შედეგადაც ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი სხეულის სრულ კონტროლს.

წლევანდელ კამპანიას  ტრადიციულად საქართველოში ასოციაცია „ჰერა XXI-ე“ შეუერთდა.

ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ, სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჩაწერა XXI-ემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძესთან.

„ოჯახის დაგეგმვას არ გააჩნია ალტერნატივა.“ –  ამბობს აკაკი ზოიძე – „ჩვენი ქვეყნის მსგავსი დემოგრაფიული სიტუაციის მქონდე ქვეყნისთვის ძვირფასია თითოეული ბავშვი, მაგრამ ეს ბავშვი უნდა იყოს სასურველი და ეს ბავშვი უნდა იყოს კარგ პირობებში. ოჯახის დაგეგმვა აბორტების თავიდან აცილების და შემცირების ყველაზე დიდი საშუალება გახლავთ ჩვენთვის.“ მისი თქმით, ბოლო დროის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე – აბორტის აკრძალვაზე – საუბარი მის კომიტეტშიც იყო. დეპუტატებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, შობადობის გაზრდასა და აბორტების რიცხვის შემცირებაზე. „ეს უაღრესად არასასურველი მოვლენა, რასაც ქვია აბორტი, უდიდესი ფიზიკური და სულიერი ტრავმა არის არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ ოჯახისთვის. „ – თუმცა, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აკრძალვებით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ამაზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ჩვენი წარსულის გამოცდილება, როცა საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო აბორტი და მეორე მხრივ, ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებასა და აბორტი დღესც აკრძალულია. ამას მხოლოდ დედათა სხვადასხვა გართულებამდე და დედათა სიკვდილიანობამდე მივყავართ, რითიც მთავრდება იატაკქვეშა აბორტების პროცედურები.“ – ამბობს ზოიძე.

აკაკი ზოიძის აზრით ამ პრობლემის პრევენციის უმნიშვნელოვანესი გზა განათლებაა: „ დღეს კონტრაცეფცია, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებზე შესახებ წარმოდგენა ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას აქვს. ეს დასტურდება ბოლო კვლევებით. მაგრამ, პრატიკას ყველა ვერ ეწევა – სადღაც 90%–ზე მეტია ცოდნა თანამედროვე კონტრაცეფტივების შესახებ რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის, მაგრამ პრაკტიკაში მისი გამოყენების მაჩვენებელი 60%–ზე დაბალია.“ აკაკი ზოიძე ამბობს, რომ თანამედროვე ტიპის კონტრაცეფციის საშუალებებზე ხემისაწვდომობა ფიზიკურად ყველას აქვს, მაგრამ, შეიძლება პრობლემა იყოს მისი ფინანსური ხელმისაწვდომობა. დეპუტატი საუბრობს კონტრაცეფცივების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაზეც: „ – UNFPA-ს დაჯამებულიც აქვს თუ რა შეიძლება დაჯდეს ეს ფინანსურად. სადღაც 3 მილიონ ლარზეა საუბარი. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით და გავითვალისწინებთ ამას.“ აკაკი ზოიძის ინფორმაციით ეს საკითხი უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში გადაწყდება.

 

სტატია მომზადებულია ასოციაცია ”HERA XXI”-ს” მიერ

 

 

სექსუალური განათლება- ნაადრევი ქორწინების, ნაადრევი სექსუალური ცხოვრების, ნაადრევი ორსულობის და მათგან გამოწვეული ყველა პრობლემის პრევენციაა

ბოლო წლებია ჩვენს ქვეყანაში აქტიურად განიხილება სექსუალური განათლების სასწავლო პროგრამაში დანერგვის საკითხი. ამ თემაზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიც. რამდენიმე კვირის წინ, სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მთავრობას რეკომენდაციით, რომ დაინერგოს სკოლის მოსწავლეთათვის რეპროდუქციული და სქესობრივი განათლებისა და უფლებების ძირითადი საკითხების სწავლება. თემის, მგრძნობელობიდან გამომდინარე მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ საზოგადოების ფართო მასებში.

მაშინ, როცა საქართველოში სექსუალური განათლების ელემენტარული საკითხების სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობენ, მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. გთავაზობთ სექსუალური განათლების დანერგვისა და განხორციელების ეტაპების მოკლე მიმოხილვას ევროპის სამ სხვადასხვა ქვეყანაში – შვედეთში, ალბანეთსა და ესტონეთში.

შვედეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც  სექსუალური განათლება დაინერგა 1955 წელს. ამჟამად შვედეთში სექსუალური განათლება ყოვლისმომცველი ხასიათისაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული. მრავალფეროვანი თემები მოსწავლეთა ასაკისა და კურსის შინაარსის მიხედვითაა გადანაწილებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში, ესენია: მცირე ლექცია-სემინარები, ადაპტირებული წიგნები მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმები და სხვ.

ზოგადად, შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და პროგრესული ქვეყანაა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით. შვედეთშივე დაინერგა პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეპროდუქციას შეეხებოდა. ეს იყო ბებიაქალების გადამზადების პროგრამა, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინ განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა საკმაოდ ეფექტიანი და შედეგისმომცემი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ნაადრევი ქორწინების   და დედათა სიკვდილიანობის რიცხვის შემცირების თვალსაზრისით.

ალბანეთში 2012 წელს დაამტკიცეს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კანონი ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლების შესახებ ახალგაზრდებისათვის.

სქესობრივი განათლების პროგრამა, სახელწოდებით „სქესობრივი და სასიცოცხლო უნარები“, რომელიც 2015 წლიდან დაინერგა ალბანეთის სკოლებში, მოიცავს რამდენიმე მოდულს სამი სასკოლო საგნის შინაარსში. ეს საგნებია: ბიოლოგია,  ჯანმრთელობის განათლება და ფიზიკური განათლება. პროგრამა სამსაფეხურიანია და მოიცავს თემების ფართო სპექტრს, რომლებიც გადანაწილებულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად – 10-12, 12-16 და 16-18 წლის ასაკის მოზარდებისთვის.

ალბანეთის მოსახლეობისა და განვითარების ცენტრი (ACDP) 2011 წლიდან ატარებს პედაგოგთა გადამზადების ინტერსიურ საგანმანათლებლო პროგრამას. ამ პროგრამის მიზანია გადაამზადოს პედაგოგოები სექსუალური განათლების სწავლების მეთოდებში, რათა მათ ადვილად და ადეკვატურად მიაწოდონ ინფორმაცია მოსწავლეებს. პროგრამა მოიცავს 110 საათიან სასწავლო კურსს ერთი წლის განმავლობაში. ასევე, 3-4 დღიან ოფიციალურ ტრენინგ-კურსს. შედეგად, 2016 წლის ბოლოსთვის, ალბანეთს ჰყავდა 150 ტრენერი-პედაგოგი 13 სხვადასხვა რეგიონში და 3000 გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლების სრული რაოდენობის 20%-ში არიან გადანაწილებულნი.

განსაკუთრებით საინტერესოა ესტონეთის გამოცდილება. იგი იყო პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც 1996 წელს დაიწყო სკოლებში სექსუალური ჯანმრთელობის საკითხების სწავლების დანერგვა. ამჟამად ქვეყანაში არსებობს ორი ეროვნული სასწავლო გეგემა ამ მიმართულებით – ერთი დაწყებითი, ხოლო მეორე საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის.

დაწყებით საფეხურზე სწავლება იწყება მეორე კლასიდან (8 წლის მოსწავლეებთან), რომელიც არის ნაწილი პროგრამისა – „პირადი, სოციალური და ჯანმრთელობის განათლება“.

რაც შეეხება სექსუალური განათლების საკითხების სწავლებას საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის, ეროვნული სასწავლო გეგმა შედგება სავალდებულო და არჩევითი კურსებისაგან, რომელსაც მოსწავლეები გადიან 10-12 კლასებში (16-19 წლის ასაკში).

სექსუალური განათლების ელემენტები შედის ასევე ბიოლოგიის სასწავლო კურსშიც.

ესტონეთში დიდი ყურადღება ექცევა სექსუალური განათლების სწავლების პროცესში ჩართული პედაგოგოგების განათლებასა და გადამზადებას. სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა გენდერული სტერეოტიპები, ძალადობა, ჯანსაღი ურთიერთობები და სხვა.

ქვეყანაში მუშაობს „ადამიანთა საგანმანათლებლო“ პროგრამა, რომლის მიზანიცაა სექსუალური განათლების დონის ამაღლება. ასევე არსებობს პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების, როგორც მომავალი მშობლების აღზრდას სკოლებში; მშობელთა უფასო კონსულტაციებს, ბავშვის დაბადების შემდგომ. ესტონეთში ყველაზე მეტად გაამართლა პროექტმა „ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონსულტირება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია 2002-2006“. ამ პროექტის შედეგი იყო აბორტების რიცხვის 25%-იანი, ხოლო ნაადრევი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების 10%-იანი კლება. ყველა ამ სერვისმა ხელი შეუწყო ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკის გავრცელებას, რამაც შეამცირა აბორტების  და არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი.

სწორედ სექსუალური განათლებისადმი სახელმწიფოს ასეთი ყურადღების შედეგია ის რომ 2013 წლის მსოფლიო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ესტონეთი ბოლო ადგილზეა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით. 2009-2014 წლებში ესტონეთში დედათა სიკვდილიანობის ნიშნით მხოლოდ ერთი ქალი გარდაიცვალა.

აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ სექსუალური განათლება- ნაადრევი ქორწინების, ნაადრევი სექსუალური ცხოვრების, ნაადრევი ორსულობის და მათგან გამოწვეული ყველა პრობლემის პრევენციაა.

 

Sex-Ed

ავტორი: თამთა კახაბერიძე

”განათლება არის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება.“

mariam jashi

”განათლება არის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება.“ – ამბობს მარიამ ჯაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ასოციაცია ჰერა XXI-თან ინტერვიუს დროს,
მისი თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ცნობიერების ამაღლება, რაც თავიდან აგვარიდეს ისეთ შედეგებს, როგორებიცაა არასასურველი ორსულობა და აბორტების მაღალი რიცხვი. – „მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ცნობიერების ამაღლების კუთხით.“ – ამბობს მარიამ ჯაში.

ის საუბრობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს სააგენტოებს შორის დადებულ მემოანდუმზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობას, ჯანმრთელობის რისკების პრევენციას, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მართვის საკითხებს. „აქ არ არის საუბარი მხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების შეტანაზე სასკოლო კურიკულუმში, საუბარია უფრო ფართო მცნებებზე, გარემოს დაცვიდან დაწყებული ადამიანის უფლებებით დასრულებული, რაც, ზოგადად, არის განათლების ნაწილი.“.

ჯაშის თქმით მსოფლიოში არსებობს არაერთი მოდელი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს გარკვეული თემების ინტეგრაცია სასკოლო საგნებთან. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირება შეიძლება მოხდეს საბუნებისმეტყველო საგნებთან, ან, ფორმალურ კურიკულიუმის გარეთ, დამატებით საინფორმაციო წყაროებში შევიდეს. – „ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი რესურსი დაიხარჯოს იმ ინფორმაციის შეჯერებაზე, რაც უნდა მიეწოდოთ სასკოლო ასაკის ბავშვებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც უნდა იყოს მისადაგებული საქართველოს რეალობასთან, ჩვენს კონტექსტთან, ჩვენს კულტურასთან, თავისებურებებთან და ტრადიციებთან. ასევე, მაქსიმალურად უნდა მიეცეს ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ფართო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. არის ეს სენსიტიური საკითხი და, მე ვფიქრობ, კონსულტაციებით მხოლოდ უკეთეს შედეგზე გავალთ.“

მარიამ ჯაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ სქესობრივი განათლების შესახებ მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებამდე, საკითხი ინტენსიურად უნდა განიხილებოდეს როგორც ფორმალური უწყებებში, ასევე ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ფართო ფემების, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების მიერ. მისი თქმით, ეს პრაქტიკა გაეროს სააგენტოების მიერაა დანერგილი, რომლის მიზანია ცვლილებების მორგება ადგილობრივ კულტურასა და ქვეყნის კონტექსტზე. „ხისტად დანერგვა ადაპტაციის გარეშე, რა თქმა უნდა, გამოიწვევს წინააღმდგეობას, რომელიც არც მიზანშეწონილია და, მე ვფიქრობ, არც ემსახურება იმ მიზნებს, რომელიც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ინფორმაცია და განათლება მივაწოდოთ ჯერ მოსწავლეებს და შემდგომ სტუდენტებს.“ – ამბობს მარიამ ჯაში.

მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ