კაცი=ქალს, ანუ რა არის გენდერული თანასწორობა?

საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ქალები გენდერული ნიშნით იჩაგრებიან:

  • გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, როდესაც უპირატესობა ბიჭებს ენიჭებათ, იძლევა სერიოზული დაფიქრების საფუძველს
  • ქალებს ბავშვობიდან მამების და ძმების, შემდეგ კი ქმრების მორჩილებად ზრდიან და მათი დამოუკიდებლობის დეფიციტიც გრძელდება.
  • მემკვიდრეობა უმეტესად ბიჭებს რჩებათ, რადგან გოგო „გათხოვდება და ქმარი მიხედავს“
  • ქალებს გაცილებით ნაკლები „ეპატიებათ“, ვიდრე კაცებს, ზოგადად, ყველაფერი
  • განქორწინებული, ან აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე ქალები, საზოგადოების ნაწილისგან ირიყებიან, ხოლო მათ პირად ცხოვრებაში, განშორების შემდეგაც კი უხეშად ერევა ყოფილი ქმარი
  • ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე პოზიციაზე, ქალების საშუალო შემოსავალი კაცებზე დაბალია
  • ქალებს ავიწროვებენ სექსუალური ნიშნით და როცა ასე ხდება, ესეც მათი „თამამ“ ჩაცმულობასა და ქცევას ბრალდება

მიზეზები კი ისევ და ისევ განათლების ნაკლებობაში უნდა ვეძებოთ… მართალია, წლებთან ერთად საზოგადოების ცნობიერება და მიდგომები იცვლება, თითქოს, დღესდღეობით, არც ისე მეტი წნეხია ქალებზე, როგორც გასულ წლებში, მაგრამ მაინც იმ საკითხების ნუსხა, რაც შესაცვლელია – სახეზეა.

ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს კვლავაც არ ესმის კონკრეტულად რას გულისხმობს „გენდერული თანასწორობა“. რა არ აქვთ და რას ითხოვენ ქალები, სად ირღვევა მათი უფლებები მაშინ როცა, კონსტიტუციურად ყველას უფლება დაცულია.  სამწუხაროდ, ის რაც ფურცელზეა ძალიან კარგად დაწერილი, ხშირად ისევ ფურცელზევე რჩება.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსი თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და ერთნაირად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. 

გენდერულ თანასწორობას კი ხელს ის უთანასწორობა უშლის, რაც ძირითადად სამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ:

  1. ოჯახი – რომლის „ღირსებაც“, მეტწილად, ქალზეა მიბმული და სწორედ ქალის ქცევით განისაზღვრება ოჯახისთვის სამარცხვინოა თუ საამაყო ესა თუ ის ქმედება მაშინ, როცა „კაცს ყველაფერი ეპატიება“, მათ შორის ღალატიც.
  2. განათლება, დასაქმება, პოლიტიკა – ქალს, რატომღაც, ბავშვობიდან უნერგავენ, რომ დიდად არც სჭირდება სწავლა-განათლება, მთავარია, ისეთი კაცი იპოვოს, ვინც „არჩენს“. შედეგად კი, მოძალადე ქმართან ერთ ჭერქვეშ მხოლოდ იმიტომ უწევს დარჩენა, რომ, მინიმუმ, ფინანსური დამოუკიდებლობა არ აქვს რომ მარტომ შეძლოს ცხოვრება
  3. სექსუალური ქცევა… აბა რამდენ „ბოზად“ წოდებულ კაცს იცნობთ, ან რამდენი ჭორი გსმენიათ მათზე? მეზობლების, ნათესავების და სხვების ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების საკბილოები, ძირითადად,ხომ სწორედ ქალები არიან.

ყველაფერი ისევ ქალების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან:

  • სექსუალური ცხოვრების შეზღუდვა, მათ ნაადრევ ქორწინებას აჩქარებს, რაც ხშირ შემთხვევაში, რთულად გამოსასწორებელი შეცდომაა ხოლმე
  • არასასურველი ორსულობის გამოც პირველ რიგში ქალები ზარალდებიან
  • ოჯახური პრობლემებით დამძიმებულ ქალებს კი დრო აღარ რჩებათ კარიერული წინსვლისთვის, არასრულფასოვანი განათლება კი, ფატქობრივად, მათი პროფესიული განვითარების პერსპექტივას ასამარებს.

გარეთ კი 21-ე საუკუნეა და გადასაჭრელი პრობლემები ვეღარ დაიცდის – მეტი განათლების, მეტი კონსულტაციის, მეტი მხარდაჭერის, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკეთესი აწმყოს დროა!

…და ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ!

ავტორი: გურამ შეროზია