რას გამოიწვევს აბორტის აკრძალვა და არის თუ არა ის ქალის უფლება?

არის თუ არა აბორტი ქალის უფლება?  ამ საკითხზე ყოველთვის იყო და იქნება დავა, დღესდღეობით კი აქტიური აპელირება მიდის იმის შესახებ, რომ უნდა აიკრძალოს.

აბორტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ  ნაყოფის სიცოცხლე არის უპირატესი, რადგან ისინი ნაყოფს ცოცხალ არსებად მიიჩნევენ და აბორტს მის მკვლელობად აღიარებენ.

ხოლო აბორტის აკრალვის მოწინააღმდეგენი, მიუხედვად იმისა, რომ აღიარებენ აბორტის მიერ მოტანილ ზიანს, აბორტის აკრძალვას ქალთა უფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

მოდით, თვალი გადავავლოთ ისტორიულ რაკურსს, თუ რა გამოიწვია აბორტის აკრძალვამ  1967 წელს რუმინეში, სადაც აბორტის შესახებ ლიბერალური კანონი მკაცრმა კონტროლმა ჩაანაცვლა.

ქვეყანაში შეიზღუდა აბორტი, გაქრა კონტრაცეფციული საშუალებები, აიკრძალა სექსუალური განათლება.  საავადმყოფოები კი მკაცრად კონტროლდებოდა, რათა ყველა ორსულობა მშობიარობით დასრულებულიყო.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ქალებმა არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად სხვადასხვა არაუსაფრთხო გზებს  მიმართეს. რამაც,  სხვადასხვა გართულებებით უამრავი ქალის დაღუპვა გამოიწვია, გაიზარდა ქალთა უშვილობის მაჩვენებელი. ეს ნეგატიური შედეგი კი ქვეყანაზე დღემდე აისახება.

აბორტის სერვისზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ტრაგედია გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც. როდესაც 1936 წელს საბჭოთა კავშირში აბორტი აკრძალეს, ის არალეგალური ფორმით მიწისქვეშეთში გადავიდა. შედეგად, საქართველოში  კატასტროფულად გაიზარდა დედათა სიკვდილიანობა, მათი დაავადებები, უშვილობა. 1955 წელს აბორტის ლიბერალიზაციამ კი ელ-ნელა შეამცირა დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

90-იანი წლებიდან დაიწყო აქტივობები აღნიშნული მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. ასევე, გაიზარდა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე წვდომა, რამაც აბორტების რიცხვი 3,5-ჯერ შეამცირა.

2010 წელს საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა ადასტურებს, რომ კონტრაცეფციულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობამ აბორტების რიცხვი შეამცირა და შობადობის მაჩვენებელი აღნიშნულ ფონზე არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

ზემოთ აღნიშნული მაგალითები გვარწმუნებს, რომ აბორტის აკრძალვის პრაქტიკას, როგორც წესი, აბორტის რიცხვის შემცირების ნაცვლად, არალეგალური, არაუსაფრთხო აბორტების რიცხვის ზრდისკენ მივყავართ, რასაც  ქალთა ჯანმრთელობის გაუარესება, ქალთა უშვილობა და სიკვდილიანობის ზრდა მოყვება.

არავინ კამათობს იმაზე, რომ აბორტი არ არის სასურველი ქალის ორგანიზმისთვის, მაგრამ ცოტამ თუ იცის  რომ ოჯახის დაგეგმვა აბორტის ალტერნატივაა – არასასურველი ორსულობა თავიდან რომ ავიცილოთ, კონტრაცეფციის უმარავი საშუალება არსებობს.

გამოსავალი ქალის უფლების რეალიზებაშია, რაც გულისმობს მათთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რათა მათ თავად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მათი უფლება იყოს დაცული.

ავტორი: გურამ შეროზია

Advertisements

კაცი=ქალს, ანუ რა არის გენდერული თანასწორობა?

საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ქალები გენდერული ნიშნით იჩაგრებიან:

  • გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, როდესაც უპირატესობა ბიჭებს ენიჭებათ, იძლევა სერიოზული დაფიქრების საფუძველს
  • ქალებს ბავშვობიდან მამების და ძმების, შემდეგ კი ქმრების მორჩილებად ზრდიან და მათი დამოუკიდებლობის დეფიციტიც გრძელდება.
  • მემკვიდრეობა უმეტესად ბიჭებს რჩებათ, რადგან გოგო „გათხოვდება და ქმარი მიხედავს“
  • ქალებს გაცილებით ნაკლები „ეპატიებათ“, ვიდრე კაცებს, ზოგადად, ყველაფერი
  • განქორწინებული, ან აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე ქალები, საზოგადოების ნაწილისგან ირიყებიან, ხოლო მათ პირად ცხოვრებაში, განშორების შემდეგაც კი უხეშად ერევა ყოფილი ქმარი
  • ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე პოზიციაზე, ქალების საშუალო შემოსავალი კაცებზე დაბალია
  • ქალებს ავიწროვებენ სექსუალური ნიშნით და როცა ასე ხდება, ესეც მათი „თამამ“ ჩაცმულობასა და ქცევას ბრალდება

მიზეზები კი ისევ და ისევ განათლების ნაკლებობაში უნდა ვეძებოთ… მართალია, წლებთან ერთად საზოგადოების ცნობიერება და მიდგომები იცვლება, თითქოს, დღესდღეობით, არც ისე მეტი წნეხია ქალებზე, როგორც გასულ წლებში, მაგრამ მაინც იმ საკითხების ნუსხა, რაც შესაცვლელია – სახეზეა.

ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს კვლავაც არ ესმის კონკრეტულად რას გულისხმობს „გენდერული თანასწორობა“. რა არ აქვთ და რას ითხოვენ ქალები, სად ირღვევა მათი უფლებები მაშინ როცა, კონსტიტუციურად ყველას უფლება დაცულია.  სამწუხაროდ, ის რაც ფურცელზეა ძალიან კარგად დაწერილი, ხშირად ისევ ფურცელზევე რჩება.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსი თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და ერთნაირად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. 

გენდერულ თანასწორობას კი ხელს ის უთანასწორობა უშლის, რაც ძირითადად სამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ:

  1. ოჯახი – რომლის „ღირსებაც“, მეტწილად, ქალზეა მიბმული და სწორედ ქალის ქცევით განისაზღვრება ოჯახისთვის სამარცხვინოა თუ საამაყო ესა თუ ის ქმედება მაშინ, როცა „კაცს ყველაფერი ეპატიება“, მათ შორის ღალატიც.
  2. განათლება, დასაქმება, პოლიტიკა – ქალს, რატომღაც, ბავშვობიდან უნერგავენ, რომ დიდად არც სჭირდება სწავლა-განათლება, მთავარია, ისეთი კაცი იპოვოს, ვინც „არჩენს“. შედეგად კი, მოძალადე ქმართან ერთ ჭერქვეშ მხოლოდ იმიტომ უწევს დარჩენა, რომ, მინიმუმ, ფინანსური დამოუკიდებლობა არ აქვს რომ მარტომ შეძლოს ცხოვრება
  3. სექსუალური ქცევა… აბა რამდენ „ბოზად“ წოდებულ კაცს იცნობთ, ან რამდენი ჭორი გსმენიათ მათზე? მეზობლების, ნათესავების და სხვების ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების საკბილოები, ძირითადად,ხომ სწორედ ქალები არიან.

ყველაფერი ისევ ქალების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან:

  • სექსუალური ცხოვრების შეზღუდვა, მათ ნაადრევ ქორწინებას აჩქარებს, რაც ხშირ შემთხვევაში, რთულად გამოსასწორებელი შეცდომაა ხოლმე
  • არასასურველი ორსულობის გამოც პირველ რიგში ქალები ზარალდებიან
  • ოჯახური პრობლემებით დამძიმებულ ქალებს კი დრო აღარ რჩებათ კარიერული წინსვლისთვის, არასრულფასოვანი განათლება კი, ფატქობრივად, მათი პროფესიული განვითარების პერსპექტივას ასამარებს.

გარეთ კი 21-ე საუკუნეა და გადასაჭრელი პრობლემები ვეღარ დაიცდის – მეტი განათლების, მეტი კონსულტაციის, მეტი მხარდაჭერის, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკეთესი აწმყოს დროა!

…და ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ!

ავტორი: გურამ შეროზია

 

რა პრობლემებს აგვარიდებს სექსუალური განათლება ადრეული ასაკიდან?

ადამიანების განათლების მნიშვნელობაზე, მგონი, ყველანი ვთანხმდებით. ბევრისგან გაიგებთ, რომ განათლება ცხოვრებაში უმთავრესია, თუმცა ეს პრაქტიკა, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ სხვებისთვის რჩევის მიცემაში გამოიხატება, საკუთარ თავზე კი ნაკლებს ვფიქრობთ, ან თავი უკვე საკმარისად განათლებული გვგონია.

მოდით, ამ პოსტში სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე საუბრით შემოვიფარგლოთ, რომელიც ასეთი იშვიათია ჩვენს ქვეყანაში…

როგორ ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს, თუ არა, სკოლებში სექსუალური განათლების საკითხები? უნდა ვსაუბრობდეთ თუ არა აღნიშნულ თემებზე? თუ „კი“, მაშინ ვინ უნდა საუბრობდეს – სკოლის ექიმი თუ მასწავლებელი; ნაწილობრივ, მშობელმა უნდა იტვირთოს ეს ფუნქცია, თუ ყველამ ერთად?

მაშინ, როცა:

  • სკოლებში, სადაც ბიოლოგიაში განაყოფიერების ნაწილს მასწავლებელი არც კი ხსნის და გვეუბნება, რომ სახლში წავიკითხოთ?
  • ლიტერატურული პერსონაჟების – ვარდისახარის, ნაზიბროლას, მზაღოს და სხვების სექსუალური სცენების აღწერისას, მეათე, მეთერთმეტე კლასებშიც კი – სიცილს ვერ ვიკავებთ?

მსოფლიოში და ბოლო დროს საქართველოშიც, ბიჭები და გოგონები სექსუალურ ცხოვრებას ადრეულ ასაკში იწყებენ, მაგრამ ყველა მათგანსაც არ აქვს საკმარისი ცოდნა…

რას მოგვცემს სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობა?

  1. გავიგებთ მეტს, ოჯახის დაგეგმვის/კონტრაცეფციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჰარმონიული ურთიერთობების, ინფორმირებული არჩევანის შესახებ და გვექნება ნაკლები არასასურველი ორსულობა, შესაბამისად, აბორტებისა და აბორტით გამოწვეული გართულებების ნაკლები ალბათობა;
  2. თავის მხრივ, დაუგეგმავი ორსულობის ნაკლები შემთხვევა, ნაკლებ ოჯახს შექმნის საზოგადოებრივი სტერეოტიპების და, შესაბამისად, იძულების წესით;
  3. შევძლებთ ოჯახის თუ ურთიერთობის პარალელურად ავაწყოთ კარიერა, საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და დავგეგმოთ საკუთარი მომავალი;
  4. შევამციროთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი;
  5. გვქონდეს სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, შესაბამისად, გავიმარტივოთ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა…

საინტერესოა, რამდენი საჯარო ლექციის ან ტრენინგის შესახებ გსმენიათ ამ თემაზე? რამდენი წყარო მოგეპოვებათ ქართულ ენაზე, სადაც საკითხი სიღრმისეულად არის განხილული და სასურველი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი?

ფაქტია, რომ თემის აქტუალურობა მაღალია, მაგრამ  აუცილებელია კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარი.

ვარაუდი და ლოგიკური მსჯელობა, დაუსრულებლად შეგვიძლია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები.

ეს ნაბიჯები კი ნაწილობრივ გადადგმულია, რის მაგალითადაც შეგვიძლია განვიხილოთ ასოციაცია ,,ჰერა XXI”, რომელიც საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებსა და ტრენინგებს ატარებს და სხვადასხვა თვალსაჩინო მასალას ქმნის პროფესიული ჯგუფებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მაღალი რისკის ჯგუფების, ფერტილური ასაკის ქალებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ბიჭებისთვის, აივ-პოზიტიური ადამიანებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და მოზარდებისთვის, რათა მათ სწორი ინფორმაცია მიიღონ სექსუალური ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებული იმ გამოწვევების შესახებ, რაც ბევრ უსიამოვნებასაც აგვარიდებს და ჩვენს პირად ცხოვრებასაც უფრო ჰარმონიულს გახდის.

ავტორი: გურამ შეროზია