რას გამოიწვევს აბორტის აკრძალვა და არის თუ არა ის ქალის უფლება?

არის თუ არა აბორტი ქალის უფლება?  ამ საკითხზე ყოველთვის იყო და იქნება დავა, დღესდღეობით კი აქტიური აპელირება მიდის იმის შესახებ, რომ უნდა აიკრძალოს.

აბორტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ  ნაყოფის სიცოცხლე არის უპირატესი, რადგან ისინი ნაყოფს ცოცხალ არსებად მიიჩნევენ და აბორტს მის მკვლელობად აღიარებენ.

ხოლო აბორტის აკრალვის მოწინააღმდეგენი, მიუხედვად იმისა, რომ აღიარებენ აბორტის მიერ მოტანილ ზიანს, აბორტის აკრძალვას ქალთა უფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

მოდით, თვალი გადავავლოთ ისტორიულ რაკურსს, თუ რა გამოიწვია აბორტის აკრძალვამ  1967 წელს რუმინეში, სადაც აბორტის შესახებ ლიბერალური კანონი მკაცრმა კონტროლმა ჩაანაცვლა.

ქვეყანაში შეიზღუდა აბორტი, გაქრა კონტრაცეფციული საშუალებები, აიკრძალა სექსუალური განათლება.  საავადმყოფოები კი მკაცრად კონტროლდებოდა, რათა ყველა ორსულობა მშობიარობით დასრულებულიყო.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ქალებმა არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად სხვადასხვა არაუსაფრთხო გზებს  მიმართეს. რამაც,  სხვადასხვა გართულებებით უამრავი ქალის დაღუპვა გამოიწვია, გაიზარდა ქალთა უშვილობის მაჩვენებელი. ეს ნეგატიური შედეგი კი ქვეყანაზე დღემდე აისახება.

აბორტის სერვისზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ტრაგედია გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც. როდესაც 1936 წელს საბჭოთა კავშირში აბორტი აკრძალეს, ის არალეგალური ფორმით მიწისქვეშეთში გადავიდა. შედეგად, საქართველოში  კატასტროფულად გაიზარდა დედათა სიკვდილიანობა, მათი დაავადებები, უშვილობა. 1955 წელს აბორტის ლიბერალიზაციამ კი ელ-ნელა შეამცირა დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

90-იანი წლებიდან დაიწყო აქტივობები აღნიშნული მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. ასევე, გაიზარდა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე წვდომა, რამაც აბორტების რიცხვი 3,5-ჯერ შეამცირა.

2010 წელს საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა ადასტურებს, რომ კონტრაცეფციულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობამ აბორტების რიცხვი შეამცირა და შობადობის მაჩვენებელი აღნიშნულ ფონზე არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

ზემოთ აღნიშნული მაგალითები გვარწმუნებს, რომ აბორტის აკრძალვის პრაქტიკას, როგორც წესი, აბორტის რიცხვის შემცირების ნაცვლად, არალეგალური, არაუსაფრთხო აბორტების რიცხვის ზრდისკენ მივყავართ, რასაც  ქალთა ჯანმრთელობის გაუარესება, ქალთა უშვილობა და სიკვდილიანობის ზრდა მოყვება.

არავინ კამათობს იმაზე, რომ აბორტი არ არის სასურველი ქალის ორგანიზმისთვის, მაგრამ ცოტამ თუ იცის  რომ ოჯახის დაგეგმვა აბორტის ალტერნატივაა – არასასურველი ორსულობა თავიდან რომ ავიცილოთ, კონტრაცეფციის უმარავი საშუალება არსებობს.

გამოსავალი ქალის უფლების რეალიზებაშია, რაც გულისმობს მათთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რათა მათ თავად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მათი უფლება იყოს დაცული.

ავტორი: გურამ შეროზია

Advertisements

კაცი=ქალს, ანუ რა არის გენდერული თანასწორობა?

საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ქალები გენდერული ნიშნით იჩაგრებიან:

  • გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, როდესაც უპირატესობა ბიჭებს ენიჭებათ, იძლევა სერიოზული დაფიქრების საფუძველს
  • ქალებს ბავშვობიდან მამების და ძმების, შემდეგ კი ქმრების მორჩილებად ზრდიან და მათი დამოუკიდებლობის დეფიციტიც გრძელდება.
  • მემკვიდრეობა უმეტესად ბიჭებს რჩებათ, რადგან გოგო „გათხოვდება და ქმარი მიხედავს“
  • ქალებს გაცილებით ნაკლები „ეპატიებათ“, ვიდრე კაცებს, ზოგადად, ყველაფერი
  • განქორწინებული, ან აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე ქალები, საზოგადოების ნაწილისგან ირიყებიან, ხოლო მათ პირად ცხოვრებაში, განშორების შემდეგაც კი უხეშად ერევა ყოფილი ქმარი
  • ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე პოზიციაზე, ქალების საშუალო შემოსავალი კაცებზე დაბალია
  • ქალებს ავიწროვებენ სექსუალური ნიშნით და როცა ასე ხდება, ესეც მათი „თამამ“ ჩაცმულობასა და ქცევას ბრალდება

მიზეზები კი ისევ და ისევ განათლების ნაკლებობაში უნდა ვეძებოთ… მართალია, წლებთან ერთად საზოგადოების ცნობიერება და მიდგომები იცვლება, თითქოს, დღესდღეობით, არც ისე მეტი წნეხია ქალებზე, როგორც გასულ წლებში, მაგრამ მაინც იმ საკითხების ნუსხა, რაც შესაცვლელია – სახეზეა.

ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს კვლავაც არ ესმის კონკრეტულად რას გულისხმობს „გენდერული თანასწორობა“. რა არ აქვთ და რას ითხოვენ ქალები, სად ირღვევა მათი უფლებები მაშინ როცა, კონსტიტუციურად ყველას უფლება დაცულია.  სამწუხაროდ, ის რაც ფურცელზეა ძალიან კარგად დაწერილი, ხშირად ისევ ფურცელზევე რჩება.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსი თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და ერთნაირად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. 

გენდერულ თანასწორობას კი ხელს ის უთანასწორობა უშლის, რაც ძირითადად სამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ:

  1. ოჯახი – რომლის „ღირსებაც“, მეტწილად, ქალზეა მიბმული და სწორედ ქალის ქცევით განისაზღვრება ოჯახისთვის სამარცხვინოა თუ საამაყო ესა თუ ის ქმედება მაშინ, როცა „კაცს ყველაფერი ეპატიება“, მათ შორის ღალატიც.
  2. განათლება, დასაქმება, პოლიტიკა – ქალს, რატომღაც, ბავშვობიდან უნერგავენ, რომ დიდად არც სჭირდება სწავლა-განათლება, მთავარია, ისეთი კაცი იპოვოს, ვინც „არჩენს“. შედეგად კი, მოძალადე ქმართან ერთ ჭერქვეშ მხოლოდ იმიტომ უწევს დარჩენა, რომ, მინიმუმ, ფინანსური დამოუკიდებლობა არ აქვს რომ მარტომ შეძლოს ცხოვრება
  3. სექსუალური ქცევა… აბა რამდენ „ბოზად“ წოდებულ კაცს იცნობთ, ან რამდენი ჭორი გსმენიათ მათზე? მეზობლების, ნათესავების და სხვების ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების საკბილოები, ძირითადად,ხომ სწორედ ქალები არიან.

ყველაფერი ისევ ქალების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან:

  • სექსუალური ცხოვრების შეზღუდვა, მათ ნაადრევ ქორწინებას აჩქარებს, რაც ხშირ შემთხვევაში, რთულად გამოსასწორებელი შეცდომაა ხოლმე
  • არასასურველი ორსულობის გამოც პირველ რიგში ქალები ზარალდებიან
  • ოჯახური პრობლემებით დამძიმებულ ქალებს კი დრო აღარ რჩებათ კარიერული წინსვლისთვის, არასრულფასოვანი განათლება კი, ფატქობრივად, მათი პროფესიული განვითარების პერსპექტივას ასამარებს.

გარეთ კი 21-ე საუკუნეა და გადასაჭრელი პრობლემები ვეღარ დაიცდის – მეტი განათლების, მეტი კონსულტაციის, მეტი მხარდაჭერის, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკეთესი აწმყოს დროა!

…და ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ!

ავტორი: გურამ შეროზია

 

ოჯახის დაგეგმვა

თქვენ ალბათ ცდილობთ, უკეთესად დაგეგმოთ თქვენი მომავალი ცხოვრება, შექმნათ ოჯახი და გყავდეთ შვილები. სწორედ  ამისთვის არის მნიშვნელოვანი  ოჯახის დაგეგმვა. ოჯახის დაგეგმვა ნიშნავს: სასურველ დროს გააჩინოთ ჯანმრთელი შვილები, შეგნებულად განსაზღვროთ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედი და სწორად წარმართოთ სექსუალური ცხოვრება, ასევე, თავიდან აიცილოთ არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

სამწუხაროდ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე, ნაკლებად არის განვითარებული ოჯახის დაგეგმვის კულტურა:

  • გსმენიათ, რა რისკებთან არის დაკავშირებული, ნაადრევი ორსულობა და ის, რომ დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში?
  • იცით, რამდენად მნიშვნელოვანია, გოგონების და ქალების, ამ კუთხით განათლების ამაღლება, მათი კარიერული განვითარებისთვის, თუ საზოგადოებრივ საკითხებში მეტი ჩართულობისთვის?
  • ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია, პარტნიორთან ჰარმონიული ცხოვრება და შვილის ყოლა მაშინ, როცა ამას გეგმავ, როცა ამისთვის მზად ხარ, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად…
  • რამდენად მნიშვნელოვანია ეს შვილისთვის, მისი აღზრდისა და განვითარებისათვის…

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელია მიჩნეული, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნაადრევი ორსულობის  რიცხვი საკმაოდ მაღალია.საკმაოდ მაღალია ასევე მოზარდების აბორტებისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რიცხვი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

უფრო მეტიც, პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი თვლის, რომ ამ მიმართულებით საგანგაშო არაფერია!

არასასურველი ორსულობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ გოგონების დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული კონტრაცეფციის შესახებ, როგორც ოჯახის დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს მეთოდზე ან არ აქვთ  ხელმისაწვდომობა ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე.

სწორად დაგეგმილი ოჯახი, ნიშნავს კარიერული საფეხურების სწორად დაგეგმვას, ფინანსურ სტაბილურობას და საბოლოოდ, ვიღებთ დამოუკიდებელ და ძლიერ ქალს. ანუ, ოჯახის დაგეგმვა თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ, წარმატების ფორმულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს.

რამდენიმე საკითხი, რაც ოჯახის დაგეგმვის კუთხით უნდა ვიცოდეთ:

  1. არსებობს კონტრაცეფციის მრავალფეროვანი, თანამედროვე მეთოდები, რომელიც შესაძლებელია მოერგოს თითოეული ქალის მოთხოვნილებებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას
  2. კონტრაცეფციის გამოყენება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე აბორტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები
  3. ოჯახის დაგეგმვა უნდა მოხდეს ისე რომ ქალის ორგანიზმს და ბავშვის აღზრდას არ შეექმნას პრობლემა. ანალოგიურად, გასათვალისწინებელია წყვილის ფინანსური, თუ ფსიქოლოგიური მზაობა
  4. ოჯახის დაგეგმვა არის დაბალანსებული და დაგეგმილი ცხოვრების საშუალება, რომელიც განვითარებისა და კარიერული ზრდის საშუალებას აძლევს ადამიანს
  5. ოჯახის დაგეგმვა ასევე არის პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთოებების დამყარების საშუალება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური თანაცხოვრების დროს.

მარტივი გადაწყვეტა: მნიშვნელოვანია, მივმართოთ რეპროდუქტოლოგს, რომელიც წყვილს მისთვის სასურველი კონტრაცეპტივის შერჩევაში დაეხმარება. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ცხოვრების წესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეხედულებას, ფინანსური მდგომარეობას დაა.შ.

ალბათ, დღემდე, ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, რომ საქართველოში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ოჯახის სწორად დაგეგმვაში გვეხმარებიან, თან სრულიად უსასყიდლოდ.

დროულად მიმართე ჰერა XXI-ს, და მიიღეთ შემდეგი კონსულტაციები უფასოდ:

  1. ექიმ-რეპროდუქტოლოგის პირისპირ კონსულტაცია, ასევე, ონლაინ კონსულტაცია
  2. იურიდიული კონსულტაცია, რომელიც მოიცავს: ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობას, პაციენტის უფლებების დაცვას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს…

შეჯამების სახით: ოჯახის დაგეგმვა ნიშნავს მეტ სასურველ ბავშვს სასურველ დროს, შესაბამისად, აბორტის ალტერნატივის სახითაც გვევლინება. თავის მხრივ აბორტის ზიანი ქალის ორგანიზმსა თუ ფსიქიკაზე – ცნობილია.

შესაბამისად, გისურვებთ სწორად დაგეგმილ ოჯახს და ბედნიერ თანაცხოვრებას!

ავტორი: გურამ შეროზია