ადამიანების განათლების მნიშვნელობაზე, მგონი, ყველანი ვთანხმდებით. ბევრისგან გაიგებთ, რომ განათლება ცხოვრებაში უმთავრესია, თუმცა ეს პრაქტიკა, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ სხვებისთვის რჩევის მიცემაში გამოიხატება, საკუთარ თავზე კი ნაკლებს ვფიქრობთ, ან თავი უკვე საკმარისად განათლებული გვგონია.
მოდით, ამ პოსტში სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე საუბრით შემოვიფარგლოთ, რომელიც ასეთი იშვიათია ჩვენს ქვეყანაში…
როგორ ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს, თუ არა, სკოლებში სექსუალური განათლების საკითხები? უნდა ვსაუბრობდეთ თუ არა აღნიშნულ თემებზე? თუ „კი“, მაშინ ვინ უნდა საუბრობდეს – სკოლის ექიმი თუ მასწავლებელი; ნაწილობრივ, მშობელმა უნდა იტვირთოს ეს ფუნქცია, თუ ყველამ ერთად?
მაშინ, როცა:
- სკოლებში, სადაც ბიოლოგიაში განაყოფიერების ნაწილს მასწავლებელი არც კი ხსნის და გვეუბნება, რომ სახლში წავიკითხოთ?
- ლიტერატურული პერსონაჟების – ვარდისახარის, ნაზიბროლას, მზაღოს და სხვების სექსუალური სცენების აღწერისას, მეათე, მეთერთმეტე კლასებშიც კი – სიცილს ვერ ვიკავებთ?
მსოფლიოში და ბოლო დროს საქართველოშიც, ბიჭები და გოგონები სექსუალურ ცხოვრებას ადრეულ ასაკში იწყებენ, მაგრამ ყველა მათგანსაც არ აქვს საკმარისი ცოდნა…
რას მოგვცემს სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობა?
- გავიგებთ მეტს, ოჯახის დაგეგმვის/კონტრაცეფციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჰარმონიული ურთიერთობების, ინფორმირებული არჩევანის შესახებ და გვექნება ნაკლები არასასურველი ორსულობა, შესაბამისად, აბორტებისა და აბორტით გამოწვეული გართულებების ნაკლები ალბათობა;
- თავის მხრივ, დაუგეგმავი ორსულობის ნაკლები შემთხვევა, ნაკლებ ოჯახს შექმნის საზოგადოებრივი სტერეოტიპების და, შესაბამისად, იძულების წესით;
- შევძლებთ ოჯახის თუ ურთიერთობის პარალელურად ავაწყოთ კარიერა, საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და დავგეგმოთ საკუთარი მომავალი;
- შევამციროთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი;
- გვქონდეს სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, შესაბამისად, გავიმარტივოთ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა…
საინტერესოა, რამდენი საჯარო ლექციის ან ტრენინგის შესახებ გსმენიათ ამ თემაზე? რამდენი წყარო მოგეპოვებათ ქართულ ენაზე, სადაც საკითხი სიღრმისეულად არის განხილული და სასურველი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი?
ფაქტია, რომ თემის აქტუალურობა მაღალია, მაგრამ აუცილებელია კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარი.
ვარაუდი და ლოგიკური მსჯელობა, დაუსრულებლად შეგვიძლია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები.
ეს ნაბიჯები კი ნაწილობრივ გადადგმულია, რის მაგალითადაც შეგვიძლია განვიხილოთ ასოციაცია ,,ჰერა XXI”, რომელიც საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებსა და ტრენინგებს ატარებს და სხვადასხვა თვალსაჩინო მასალას ქმნის პროფესიული ჯგუფებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მაღალი რისკის ჯგუფების, ფერტილური ასაკის ქალებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ბიჭებისთვის, აივ-პოზიტიური ადამიანებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და მოზარდებისთვის, რათა მათ სწორი ინფორმაცია მიიღონ სექსუალური ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებული იმ გამოწვევების შესახებ, რაც ბევრ უსიამოვნებასაც აგვარიდებს და ჩვენს პირად ცხოვრებასაც უფრო ჰარმონიულს გახდის.
ავტორი: გურამ შეროზია