სექსუალური განათლება- ნაადრევი ქორწინების, ნაადრევი სექსუალური ცხოვრების, ნაადრევი ორსულობის და მათგან გამოწვეული ყველა პრობლემის პრევენციაა

ბოლო წლებია ჩვენს ქვეყანაში აქტიურად განიხილება სექსუალური განათლების სასწავლო პროგრამაში დანერგვის საკითხი. ამ თემაზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიც. რამდენიმე კვირის წინ, სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მთავრობას რეკომენდაციით, რომ დაინერგოს სკოლის მოსწავლეთათვის რეპროდუქციული და სქესობრივი განათლებისა და უფლებების ძირითადი საკითხების სწავლება. თემის, მგრძნობელობიდან გამომდინარე მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ საზოგადოების ფართო მასებში.

მაშინ, როცა საქართველოში სექსუალური განათლების ელემენტარული საკითხების სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობენ, მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. გთავაზობთ სექსუალური განათლების დანერგვისა და განხორციელების ეტაპების მოკლე მიმოხილვას ევროპის სამ სხვადასხვა ქვეყანაში – შვედეთში, ალბანეთსა და ესტონეთში.

შვედეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც  სექსუალური განათლება დაინერგა 1955 წელს. ამჟამად შვედეთში სექსუალური განათლება ყოვლისმომცველი ხასიათისაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული. მრავალფეროვანი თემები მოსწავლეთა ასაკისა და კურსის შინაარსის მიხედვითაა გადანაწილებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში, ესენია: მცირე ლექცია-სემინარები, ადაპტირებული წიგნები მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმები და სხვ.

ზოგადად, შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და პროგრესული ქვეყანაა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით. შვედეთშივე დაინერგა პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეპროდუქციას შეეხებოდა. ეს იყო ბებიაქალების გადამზადების პროგრამა, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინ განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა საკმაოდ ეფექტიანი და შედეგისმომცემი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ნაადრევი ქორწინების   და დედათა სიკვდილიანობის რიცხვის შემცირების თვალსაზრისით.

ალბანეთში 2012 წელს დაამტკიცეს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კანონი ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლების შესახებ ახალგაზრდებისათვის.

სქესობრივი განათლების პროგრამა, სახელწოდებით „სქესობრივი და სასიცოცხლო უნარები“, რომელიც 2015 წლიდან დაინერგა ალბანეთის სკოლებში, მოიცავს რამდენიმე მოდულს სამი სასკოლო საგნის შინაარსში. ეს საგნებია: ბიოლოგია,  ჯანმრთელობის განათლება და ფიზიკური განათლება. პროგრამა სამსაფეხურიანია და მოიცავს თემების ფართო სპექტრს, რომლებიც გადანაწილებულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად – 10-12, 12-16 და 16-18 წლის ასაკის მოზარდებისთვის.

ალბანეთის მოსახლეობისა და განვითარების ცენტრი (ACDP) 2011 წლიდან ატარებს პედაგოგთა გადამზადების ინტერსიურ საგანმანათლებლო პროგრამას. ამ პროგრამის მიზანია გადაამზადოს პედაგოგოები სექსუალური განათლების სწავლების მეთოდებში, რათა მათ ადვილად და ადეკვატურად მიაწოდონ ინფორმაცია მოსწავლეებს. პროგრამა მოიცავს 110 საათიან სასწავლო კურსს ერთი წლის განმავლობაში. ასევე, 3-4 დღიან ოფიციალურ ტრენინგ-კურსს. შედეგად, 2016 წლის ბოლოსთვის, ალბანეთს ჰყავდა 150 ტრენერი-პედაგოგი 13 სხვადასხვა რეგიონში და 3000 გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლების სრული რაოდენობის 20%-ში არიან გადანაწილებულნი.

განსაკუთრებით საინტერესოა ესტონეთის გამოცდილება. იგი იყო პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც 1996 წელს დაიწყო სკოლებში სექსუალური ჯანმრთელობის საკითხების სწავლების დანერგვა. ამჟამად ქვეყანაში არსებობს ორი ეროვნული სასწავლო გეგემა ამ მიმართულებით – ერთი დაწყებითი, ხოლო მეორე საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის.

დაწყებით საფეხურზე სწავლება იწყება მეორე კლასიდან (8 წლის მოსწავლეებთან), რომელიც არის ნაწილი პროგრამისა – „პირადი, სოციალური და ჯანმრთელობის განათლება“.

რაც შეეხება სექსუალური განათლების საკითხების სწავლებას საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის, ეროვნული სასწავლო გეგმა შედგება სავალდებულო და არჩევითი კურსებისაგან, რომელსაც მოსწავლეები გადიან 10-12 კლასებში (16-19 წლის ასაკში).

სექსუალური განათლების ელემენტები შედის ასევე ბიოლოგიის სასწავლო კურსშიც.

ესტონეთში დიდი ყურადღება ექცევა სექსუალური განათლების სწავლების პროცესში ჩართული პედაგოგოგების განათლებასა და გადამზადებას. სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა გენდერული სტერეოტიპები, ძალადობა, ჯანსაღი ურთიერთობები და სხვა.

ქვეყანაში მუშაობს „ადამიანთა საგანმანათლებლო“ პროგრამა, რომლის მიზანიცაა სექსუალური განათლების დონის ამაღლება. ასევე არსებობს პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების, როგორც მომავალი მშობლების აღზრდას სკოლებში; მშობელთა უფასო კონსულტაციებს, ბავშვის დაბადების შემდგომ. ესტონეთში ყველაზე მეტად გაამართლა პროექტმა „ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონსულტირება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია 2002-2006“. ამ პროექტის შედეგი იყო აბორტების რიცხვის 25%-იანი, ხოლო ნაადრევი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების 10%-იანი კლება. ყველა ამ სერვისმა ხელი შეუწყო ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკის გავრცელებას, რამაც შეამცირა აბორტების  და არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი.

სწორედ სექსუალური განათლებისადმი სახელმწიფოს ასეთი ყურადღების შედეგია ის რომ 2013 წლის მსოფლიო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ესტონეთი ბოლო ადგილზეა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით. 2009-2014 წლებში ესტონეთში დედათა სიკვდილიანობის ნიშნით მხოლოდ ერთი ქალი გარდაიცვალა.

აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ სექსუალური განათლება- ნაადრევი ქორწინების, ნაადრევი სექსუალური ცხოვრების, ნაადრევი ორსულობის და მათგან გამოწვეული ყველა პრობლემის პრევენციაა.

 

Sex-Ed

ავტორი: თამთა კახაბერიძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s